გახარიას გუნდი პოლიციას მათი პარტიის მხარდამჭერისთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. პარტია ,,საქართველოს” წევრის, ანა ბუჩუკურის, ინფორმაციით, აკაკი ბართაია პოლიციამ დააკავა.
ბუჩუკურის თქმით, ბართაიას დაკავებამდე შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მათი მხარდამჭერი პოლიციამ მცხეთაში დააკავა.
იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს მოხდა 16 აგვისტოს. საქმის მასალები ადვოკატისთვის ცნობილი გახდა გუშინ საღამოს”, – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ანა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურმა ბართაიას დაკავების დეტალებზეც ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულისგან ძალის გამოყენებით აიღეს ბიოლოგიური მასალა.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს ბართაიამ დაზიანება მიიღო.~
ბართაიას მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკამდე ის ჩასვეს ე.წ. ტაქსიში, რეალურად კი პოლიციის შენიღბულ მანქანაში, სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს. ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსს და აკაკის მანქანას შორის იმგვარად, რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ მანქანასთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ გამგზავრებამდე ჩაულაგა. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი”, – ამბობს ბუჩუკური.