ოქტომბრიდან ქართულ ბაზარზე პურის ფასი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას bpn ავრცელებს. სააგენტო ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფასის გადახედვა არ იგეგმება, მაგრამ თუ სახელმწიფომ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა არ განაახლა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის გაზრდის გამო ეს ტენდენცია საქართველოშიც აისახება.
,,პურის მცხობელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე, ამბობს, ფასის გადახედვა ოქტომბრამდე არ იგეგმება. შემდეგ კი შესაძლოა, ასოციაციამ ხელისუფლებას სუბსიდირებისთვის კვლავ მიმართოს.
ქართულ ბაზარზე ხორბალი შემოდის რუსეთიდან, ნაწილი ხვდება კახეთის წისქვილებში და იქედან წამოსული ფქვილი ღირს 55 ლარი და ბევრი წარმოება ამის ყიდულობს, რადგან კარგი ფქვილია დიდ წისქვილებში დამზადებული ფქვილი კი 62 ლარი ღირს.
სუბსიდირების დასრულების შემდეგ 10 თეთრით რომ გაიზარდა პურის ფასი, მას შემდეგ ეს ღირებულება შენარჩუნებულია და ოქტომბრამდე არ იგეგმება გადახედვა. მერე ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება. არჩევნების მერე ალბათ, ისევ მივმართავთ მთავრობას, რომ სუბსიდირების პროგრამა, ან რამე ასეთი ინექცია გამოიყენონ. ჯერ რომ გითხრათ, საქართველოში ბოლო გაძვირება არ ასახულა.
ამასთან, წელს ქართული ხორბლის მოსავალიც კარგია. აქამდე თუ ბაზრის 10% ეჭირა, წელს უკვე 15%-ამდე არის გაზრდილი. თუმცა, როგორც ვიცი ლოჯისტიკა, კომბაინების დეფიციტი წელს პრობლემა იყო ფერმერებისთვის – აცხადებს დოლიძე.
ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზმა, რომელიც ხორბლის მოსავლის შემცირებას უკავშირდება, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული ხორბლის ფასი 20 დოლარით გაიზარდა და 286-287 დოლარს მიაღწია.