გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს-დაიწყო თუ არა ოზურგეთში პოლიტიკური ნიშნით წმენდა

გაერთიანებული  წყალმომარაგების გურიის  ხელმძღვანელი დავით  ცერცვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც  “გურიის მოამბისთვის” გახდა  ცნობილი, გაერთიანებული  წყალმომარაგების გურიის სამსახურის უფროსი  დავით  ცერცვაძე სამსახურიდან წუხელ დაითხოვეს.

დავით  ცერცვაძე  ჩვენთან საუბარში აცხადებს,  რომ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე  თვითონ დაწერა.

სამსახურის დატოვების მიზეზად  დავით ცერცვაძე  კერძო სექტორში გადასვლას ასახელებს.  ამბობს,  რომ ეს საკითხი პოლიტიკას არ უკავშირდება.

ჩვენი წყაროს თქმით, ცერცვაძის თანამდებობა კოტე შარაშენიძესთან მეგობრობას შეეწირა და ეს გადაწყვეტილება უშუალოდ არჩილ თალაკვაძემ მიიღო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული შარაშენიძის კადრების წმენდა.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე, ცერცვაძის მსგავსად არც არჩილ თალაკვაძე აკეთებს კომენტარს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “ოცნების” კანდიდატის ძმა, რომელიც წლების განმავლობაში შარაშენიძეს წყალობდა და ბევრ რამეში ეხმარებოდა, მედიას დღესაც დაემალა.

ალბათ, ამის მიზეზი ის კითხვებია, რომელიც მის ბოლოდროინდელ ქმედებებს უკავშირდება და რომლითაც დასტურდება, რომ თალაკვაძის ბრძანებით ოზურგეთში პოლიტიკური ნიშნით წმენდა დაიწყო, რათა მის ძმას მერობისკენ მიმავალი გზა გაუმარტივოს.

პ.ს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დაატოვებინეს გურიის სამაშველო სამსახურის უფროსს პაატა ლომთაძეს, რომელიც სოსო გოგაშვილის კადრად ითვლებოდა.

როგორც ცნობილია, გოგაშვილის გუნდი, ოზურგეთში, მხარს კოტე შარაშენიძეს უჭერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share