ავღანეთის ქალაქ ასადაბადში გამართულ საპროტესტო აქციაზე თალიბებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თალიბმა მებრძოლებმა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს ესროლეს, რომლებიც ავღანეთის დროშებს აფრიალებდნენ და თალიბების დროშებს ხევდნენ.
Reuters-ი წერს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლ ტყვიას ემსხვერპლნენ, თუ სროლის შედეგად შექმნილ ჭყლეტას.
ავღანეთი დღეს, 19 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რაც დაკავშირებულია 1919 წელს ქვეყანაში ბრიტანეთის მმართველობის დასრულებასთან.