მაშინ როცა გურიაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, ირკვევა, რომ რეგიონში პისიარ ტესტების აღება შეჩერებულია.
იმ ერთადერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელი დავით მდინარაძე, სადაც ტესტის კვლევააა შესაძლებელი, ამბობს, რომ პროგრამა ინსტალირდება:
“პროგრამას სჭირდება ინსტალაცია და ამის გამო ვერ ვახერხებთ მუშაობას. მალე გამოსწორდება” – აღნიშნა მდინარაძემ, რომელიც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ქალაქ ოზურგეთში.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება პანდემიას კარგად მართავს, თუმცა რატომ ვერ აკეთებენ ტესტებს და რატომ ამისამართებენ სხვა რეგიონში ადამიანებს ვერ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უნდა მოაგვარონ:
“ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროც გავაფრთხილეთ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც” – ამბობს მდინარაძე, რომელსაც დღეს ამ ფაქტით გაღიზიანებული მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტებების გაკეთებაც მოუწია:
“ესენი ადამიანები არ არიან! ბათუმში წადიო, იქ რითი წავიდე?! რომ კითხო პანდემიას მართავენ და სრული განუკითხაობაა” – აღნიშნავენ ლაბორატორიაში ტესტის ასაღებად მისული ადამიანები.
იგივე სიტუაციაა, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც მედიას ისევ ემალებიან და არ პასუხობენ მთავარ კითხვას – რატომ არ კეთდება პისიარტესტები და ხომ არ მალავს უწყება, რომ ტესტები დაუმთავრდათ.