ესპანურ მედიაში მსგავსი სარეკომენდაციო სტატიები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბოლო დღეებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების არაერთი წევრი დააკავეს. ცნობილი ხდება ისიც, რომ დაკავებულებს შორის არის გავლენიანი კანონიერი ქურდი ლევან აბულაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ რუსეთის ქალაქ ვლადიმირის საქალაქო სასამართლოდან გაიქცა.
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან აბულაძე, მეტსახელად “სოხუმსკი” ვლადიმირის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან დეკემბერში გაიქცა და მას შემდეგ მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. რუსეთიდან გაქცეული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი 1 სექტემბერს ბარსელონას აეროპორტში დააკავეს. ლევან სოხუმსკის რუსეთის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
ესპანური მედია ნაციონალურ პოლიციაზე დაყრდნობით ლევან აბულაძეს ძალადობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელად მოიხსენიებს, რომელიც ბარსელონაში ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად აიყვანეს.
“დაკავებული მამაკაცი ესპანეთში შესვლას ყალბი უკრაინული პასპორტის გამოყენებით ცდილობდა. ის კლასიფიცირდება, როგორც ძალადობრივი და გავლენიანი დაჯგუფების ხელმძღვანელი და ფლობს ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსს 2006 წლიდან,” – წერენ ესპანურ მედიაში.
იურისტები უცხოეთში მყოფი ქართველი “კანონიერი ქურდების” ორ კატეგორიაზე საუბრობენ. მათი ნაწილი საქართველოში გავლენების შენარჩუნებას დისტანციურად ცდილობს.
ესპანური მედია ბოლო დღეებში აქტიურად წერს ქართულ დანაშაულებრივ ქსელზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სევილიაშიც გამოავლინეს.
“ისინი ეძებენ სამკაულებს, საათებს, ნაღდ ფულს და ელექტრონულ მოწყობილობებს. ყველაფერს, რისი გატანაც შეუძლიათ ზედმეტი ხმაურის და ყურადღების მიპყრობის გარეშე. მათ შეძლეს 600-ზე მეტი ბინის გაძარცვა, მხოლოდ მაისში იდენტიფიცირებულია ქართველების მიერ ძარცვის 7 შემთხვევა,” – წერენ მედიაში.
ესპანეთის პოლიცია იუწყება, რომ ქართველები დახელოვნებულები არიან კარის სხვადასხვა მეთოდით გაღებაში. იყენებენ როგორც სპეციალურ ტექნიკას, ისე ძაფებს. სწორედ ამიტომ, კრიმინალისტები მოქალაქეებს ურჩევენ კარის საკეტები გამოცვალონ და სახლების უსაფრთხოებას მეტი ყურადღება დაუთმონ.