ლეგენდა გიორგი კეკელიძეზე, რომელმაც “ღვთისმშობელი გადაარჩინა”

ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი – და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა – იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს. მაგრამ ჩემთვის რატომ? – ეს ვიკითხე მხოლოდ. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ – ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ. და მე რატომ? – ისევ ვიკითხე. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ და დაფიქრდა – იმიტომ რომ შენ წაბლისფერი თვალები გაქვს.
უცნაური საბუთი იყო, ღმერთმანი. ჩემს ირგვლივ, ვისაც კი ვიცნობდი, ყველას წაბლისფერი თვალები ჰქონდა და რაღა მაინცდამაინც მე?
იმ ქალს ღვთისმშობელი ჰქვია – ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული. მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს.
ამის მერე დავიჯერე და სულ ასე მეგონა. ამ განცდით გავდიოდი კისერმოსატეხ ხეებზე, ვხტებოდი დიდი გუბეებზე, მიყვარდებოდა ყველაზე ლამაზი გოგოები, ხელს პირველი ვწევდი გაკვეთილზე – ვიცოდი თუ არა კარგად. მახსოვდა – მსხლის ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იქ ცხოვრობს ქალი, რომელიც ჩემზე ლოცულობს და მეხმარება. მეხმარება, იმიტომ წაბლისფერი თვალები მაქვს.
ერთხელ, რაღაც წრეზე რომ დავდიოდი, მესამე თუ მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ერთნაირი ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა. ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხია, პირიქით, ფურცელზე ხატი როგორ შეიძლებაო. გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები და გამოვიქეცი. იქაურმა მღდელმა თქვა, გიორგიმ ღვთისმშობელი გადაარჩინაო და ოჯახში ეს ლეგენდაც გაჩნდა – გიორგი, რომელმაც ღვთისმშობელი გადაარჩინა. დედაჩემი დღემდე მახსენებს ხოლმე და ამ იმედით არის, რომ ოდესმე მომაგონდება.
ხოლო მე, ურწმუნო და უსაყრდენო კაცი, გამოფიტული ამ ზედაპირული ცხოვრების მორევით, ხან შემთხვევით, ტაძრის კართან აღმოვჩნდები, შევდივარ და ღვთისმშობლის ხატს ვუყურებ, როგორც ჩემი დაკარგული ბავშვობის სარკეს. როგორც სარკეს, სადაც ბევრი ოცნება მქონდა, ყოველდღიურ ღიმილს არ ვიზეპირებდი საგანგებოდ წინა საღამოს და არც უცნაური, შიშნარევი გულისცემა მაღვიძებდა გამთენიისას.
დღეს დილით, ძალიან, ძალიან მომინდა დავიჯერო, რომ სადღაც უკან, ბავშვობაში, დგას ხე, რომელიც მსხლისაა და თავზე ვარსკვლავი ჰკიდია და იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს ქალი, რომელსაც განსაკუთრებით ვუყვარვარ, რადგან წაბლისფერი თვალები მაქვს. მერე რა, რომ მილიონობით ადამიანს აქვს ასეთი თვალები. მე თუ მკითხავთ, რწმენაც ეს არის – არა ცოდნით ძებნა საყრდენისა, არამედ განცდით. ბებიაჩემმა ასე მითხრა. ბებიაჩემმა, ნათელამ.

გიორგიკეკელიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share