მედიის ინფორმაციით, ახალ მთავრობას აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს. ის თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელია. უკვე რამდენიმე დღეა პრეზიდენტის სასახლესთან ავღანელი ქალები საკუთარი უფლებებისთვის საპროტესტო აქციას მართავენ.
ქაბულის აეროპორტი დაიკეტა. ქვეყანაში შესვლა და მისი დატოვება გარკვეული პერიოდით აიკრძალა. კონკრეტულად რა ვადაზეა საუბარი, ჯერჯერობით, უცნობია. “თალიბანის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფრენების განახლების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ. ლტოლვილები კი ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.
იქამდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა საქართველოს მადლობას უხდის საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობისთვის. ევაკუაციის დაწყებიდან დღემდე საქართველომ სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შესრულებისას 2500-ზე მეტი მგზავრი გაატარა, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
მთავრობის ფორმირებამდე ქვეყანა მწვავე ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.
რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისი მთავრობის ფორმირებამდე გაგრძელდება და მისი აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხდება. ამასთან, “თალიბანი” იმედს გამოთქვამს, რომ დასავლეთის ქვეყნები მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებენ. დასავლეთი კი აცხადებს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობის ნაბიჯებს დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებებს.