საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ სუს-ის საიდუმლო მასალებს გამოეხმაურა. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ეკლესიისა და პირადად პატრიარქის დისკრედიტირება, სწორედ ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.
“ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის – ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის, განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და იქიდან გადმოიტანა, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით, და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა, მე ვარ ამის მოწმე, ქართული ეკლესია და ყოველთვის პატრიარქის პირადი მტერი იყო, მე ვარ ამის მოწმე, არაერთხელ.
ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ და აქედან წარმოდგა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდემომიმართვაში აღნიშნა, რომ ივანიშვილის მიზანი ქვეყნის ჭაობად გადაქცევაა. გარდა ამისა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე.
პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, “მთავარმა არხმა” გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.