“მინდა განცხადება გავაკეთო იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაშიც ქვეყანა ივანიშვილის დანაშაულებრივმა მმართველობამ ჩააგდო.
ბოლომდე გახრწნეს და მოდით სიმართლე ვთქვათ ბევრი გაუხრწნელი ადამიანი გახრწნეს, გაანადგურეს ქვეყნის ყველა ინსტიტუცია. არ დატოვეს არავინ (მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა) და არაფერი, ვისაც არ უსმენენ, არ უთვალთვალებენ და შემდეგ ამ ყველაფრით არ აშანტაჟებენ, არ აშინებენ.
დღეს უკვე ბავშვმაც კი გაიგო, რომ ივანიშვილის და მისი ბოროტი მსახურების ძალაუფლება მთლიანად დგას მხოლოდ უკიდურესად საშიშ და ყველაზე ამორალური სახის ძალადობაზე – შანტაჟზე და დაშინებაზე.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა იყო ქვეყნის მთლიანად დაპატრონება და ამ გზაზე ყველა ავტორიტეტის განადგურება, რომელიც მის ძალაუფლებას კონკურენციას შეუქმნიდა. ბევრი ავტორიტეტი დღეს უკვე განადგურებული ყავს.
ამ მხრივ, იმ თავითვე განსაკუთრებულად აგრესიული იყო მისი დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელიც, წლების განმავლობაში, ყველა გამოკითხვით, ყველაზე სანდო ინსტიტუციაა ქვეყანაში, ყველაზე მაღალი ავტორიტეტით.
ივანიშვილმა კი მოსყიდვებით, გადაბირებებით და შანტაჟით მოახერხა ის, რომ არათუ ავტორიტეტი შეულახა და მძიმედ დააზიანა ეკლესიის რეპუტაცია, არამედ საკუთარ სამსახურში ჩაიყენა და ძალიან ბევრი, მაღალი თუ დაბალი იერარქიის სასულიერო პირი, მისი პირადი იარაღი გახადა, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების და დემოკრატიული მედიის წინააღმდეგ.
მაგრამ ის რაც ბოლო დღებში ხდება, უკვე ყოველგვარ მასშტაბებს გაცდა. საზოგადოებამ ვნახეთ, თუ რა მასშტაბი აქვს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ უკანონობასა და დანაშაულებებს, თუ რა შემზარავად ამორალურია ეს რეჟიმი.
როგორ გროვდება სასულიერო პირებზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია და შემდეგ როგორ ხდება მათი გადაბირება და სუსის აგენტებად ქცევა.
ამასთანავე, სამწუხაროდ, ამ მასალებში ჩვენ ვნახეთ ცნობები/ფაქტები სასულიერო პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დანაშაული აღეკვეთა და დამნაშავე დაესაჯა, ივანიშვილის რეჟიმი დანაშაულზე მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს საკუთარი მანიპულაციებისთვის – სასულიერო პირების შანტაჟისა და სათავისოდ გამოყენებაში.
დღეს უკვე გასაკვირი არ არის თუ რატომ არიან სასულიერო პირები რეჟიმის დაკვეთების შემსრულებლები. და ამავდროულად, ნათელი გახდა, როგორი მეთოდების გამოყენებით აიძულებენ მათ ამგვარად მოიქცნენ.
ჩემთვის, პირადად, ეს თითოეული დაშანტაჟებული მღვდლის, ბერის, მონაზონის, თუ ეპისკოპოსის პირადი ადამიანური ტრაგედიაა.
დიახ, ეკლესია და სასულიერო პირები მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის და ამის გამო ეს რეჟიმი მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. დაისაჯოს იმ სისასტიკისთვის, რისი ანალოგი ამ ქვეყანაში არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა.
წარმომიდგენია და წარმოგიდგენიათ მორწმუნე, რომელიც იგებს, რომ შესაძლოა მისი მოძღვარი კომპრომატებით გადაბირებული იყოს. აი ის მოძღვარი, რომელსაც გუშინ აღსარება ჩააბარა.
წარმომიდგენია და წარმოგიდგენიათ, რა მძიმე შეგრძნებაა აღსარების საიდუმლოში ეჭვის შეტანა და იმაზე ფიქრი, რომ შენი ყველაზე დაფარული და ხელშეუხებელი სუსის არქივებში მოხვდა.
მეგობრებო, მონღოლობის, თურქობის, არაბობის დროსაც კი – აღსარების საიდუმლოს ინახავდა სასულიერო პირი.
არა აქვს მნიშვნელობა საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობ თუ არა – როცა გესმის რა ხდება ხვდები, რომ ამის იქით აღარაფერი აღარაა – ესაა ბოლო წერტილი – კატასტროფის ბოლო ნიშანი
და დიახ, სასტიკად და საჩვენებლად უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი მილიონობით მორწმუნის ამ განსაცდელში ჩაგდებისთვის და მათი რწმენის შერყევის მცდელობისთვის.
“ჩვენ გისმენთ ყველას… ჩვენ გმართავთ… ღმერთმა ქნას გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა” ვისი სიტყვებია ეს ხომ ვიცით უკვე?! – ეს იმ ადამიანის სიტყვებია, ვინც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, სააშკარაოზე გამოიტანა ეს კოშმარი და ამით ამხილა დამნაშავე სისტემა და ღირსეულად მოიხადა ვალი თითოეული მოქალაქის, ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე. ვინც ერთდროულად დაგვანახა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბი და შემზარავი ამორალურობა.
მე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, თავს ვალდებულად ვთვლი, (განსაკუთრებით ამ ყველაფრის შემდეგ) უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, პირდაპირი გაგებით ვგულისხმობ ამას – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ვებრძოლო არა მხოლოდ ივანიშვილს და მის დამქაშებს, არამედ უკანონობას, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშულებს, ჩვენი სამშობლოს განადგურებასა და ადამიანებისთვის იმედის, ბედნიერების და რწმენის წართმევას.
ეს უმძიმესი რეალობა გვაქვს ჩვენ ახლა. ნუღარავინ მოიტყუებს თავს რომ სხვა რამე ხდება ჩვენს ირგვლივ.
ყველამ უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში და აქტიური ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ საბოლოოდ არ გავნადგურდეთ, როგორც ქვეყანა, საბოლოოდ არ დავანგრევინოთ მრავალსაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და რაც მთავარია, ამ სახედაკარგულ ბოროტებას არ გავასრესინოთ არც ერთი ადამიანი და მისი ღირსება. არც ერთი ადამიანის. რადგან როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე საეკლესიო თვალსაზრისითაც, მთავარია ადამიანი!
დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუსის უფროსმა, ივანიშვილის გებელსმა – გრიგოლ ლილუაშვილმა.
ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო ვგრძნობ და ვიცი, რომ გინდათ ცვლილებები, რომ გჭირდებათ ცვლილებები, რომ წახვიდეთ წინ, კარგ მომავალში. წახვიდეთ თქვენც და თქვენი სამშობლოც.
მაგრამ მოდით ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ – ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენს ხელშია, სწორედ არჩევნების დღეს თქვენი ერთი ხმა არის ძლევამოსილი, რომლითაც ჩვენ პოლიტიკოსებს გვაკისრებთ პასუხისმგებლობას ვიყოთ თქვენს სამსახურში.
ამ ერთი ხმით, თქვენ გადაარჩენთ ქართულ სახელმწიფოს. ამ ერთი ხმით, თქვენ გადაარჩენთ ქართულ ეკლესიას. ამ ერთი ხმით თქვენ გადაარჩენთ თითოეულს, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ამ ერთი ხმით თქვენ გადაარჩენთ სამშობლოს მომავალს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.
გამოიყენეთ ეს ძალა, რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვთ. დავამარცხოთ ეს მოძალადე, ბოროტმოქმედი, უზნეო, ამორალური ხელისუფლება და პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ მე და ჩემი გუნდი გავაკეთებთ, გპირდებით, იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიის გაუქმება.
მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია მიუხედავად მისი სახელისა, კგბ, სუკი, კუდი, სუსი – გაუქმდება. არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ! არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ამოფარებული, თქვენ გერჩით და გისმენთ
ეს მოხდება 100% მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს.ამას მივაღწევ მეგობრებთან ერთად და ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება!
დღეს არც მერია, არც არცერთი საკრებულოს ადგილი არაა ახლა საზოგადოების ფსონი – ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს მოსაგები, ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი
ხალხო! არა ნათელი, არა დიდი, არა დიადი – უბრალოდ ნორმალური მომავალი – სადაც არ გჩაგრავენ, არ გაშანტაჟებენ, ცხოვრებას არ გინგრევენ!
დადგა დრო, ისტორიული გარდატეხის და ამ გარდატეხას მოვახდენთ ერთად!!! უკან დაარჩება ბნელი და გაიმარჯვებს ნათელი!” – განაცხადა ნიკა მელიამ.