საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა”, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
IRI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.
“დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო”, – აღნიშნულია ანგარიშში.
IRI მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში.
“საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა -განსაკუთრებით იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებას – სწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები შედეგების შეჯამების პროცესის გასაუმჯობესებლად. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფართომასშტაბიან გადამზადებას”, – ნათქვამია IRI-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში.
გარდა ამისა, IRI მოუწოდებს სამართალდამცავმა ორგანოებს, რომ უნდა გამოიძიონ და დროული რეაგირება მოახდინონ ამომრჩეველთა ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მისამართით ჩადენილ დანაშაულებზე.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები განახლდა.
ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გუშინ, 14 ნოემბერს გაიმართა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ოპოზიციის ნაწილმა იმას, რაც ოცნებისგან მოისმინა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა, თუმცა, არც ერთი პარტიის ლიდერს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა.
მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა და კამერების ჩანაწერების ამოღება შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ხელისუფლებამ თვითონ თქვა უარი ხმების გადათვლაზე მაშინ, როცა საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სავარაუდოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების III რაუნდს გამართავს, თუმცა უცნობია, როდის.
ოპოზიცია კვლავ ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ამ მოთხოვნით უკვე 3 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 15 ნოემბერს ბათუმში გაიმართება, ასევე იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება 17 ან 18 ნოემბერს, თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად.