”საერთოდ, მგონი ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ, და აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ და საერთოდ, ვიღას უყვარს შორიდან ლაპარაკი? დღეს და ახლა, როგორც ”ბურგერ კინგის” მენიუ.
წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმინდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ.
ჭური მოვხადეთ. და ამოვარდა. დალევა კი არ არის მთავარი. მთავარია, რაც ამოვარდება. საქართველო. ამოვარდება ხოლმე. თუ იკადრებს და მოეწონება ღვინო.
მთავარი იგი კი არ არი, რაცხას ფიქროფ, მთავარი იგია, რაფერ მეიქცევი.
ზრდილობამ თუ შეგაწუხა, რაფერი ზრდილობაა, მითხარი?”
აკა მორჩილაძე