“სიყვარული გვაძლიერებს”- ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე, ანა ჯაბაური საუბრობს. მისივე თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას მალე აპირებს.

„ცოტნე ძალიან დამოკიდებული გახდა ჩემზე. ბოლო 3 წელი ერთად ვცხოვრობთ. ერთი დღე არსად წასულა იმ ორი წლის მანძილზე. სულ ერთად ვიყავით. ერთი პერიოდი კოვიდ პანდემიის გამო სასტუმროში მომიწია ცხოვრება. ღამე მივდიოდი სასტუმროში და მთელი დღე ცოტნესთან ვიყავი. დილას პირველივე ავტობუსს მივყვებოდი. ყოველ ჩემ წასვლაზე ძალიან ნერვიულობდა. ძილი ფაქტობრივად, არ გვაქვს. ღამის საათებში სამჯერ შემოდიან პროცედურებზე. ფაქტობრივად, ღამე ვერ დაიძინებ, მაგრამ მე ცოტნეს მაინც ვერ დავტოვებ. მე ასე ვფიქრობ, რომ მას უფრო უჭირს.

ძალიან მიხარია, რომ მალე დავბრუნდებით თბილისში. ბატონმა ზაზამაც (ქაცარავამ) გვითხრა და წინა კლინიკაშიც გვითხრეს, რომ არ შეიძლება პაციენტი წლობით იწვეს საავადყოფოში. პაციენტისთვის აუცილებელია ოჯახური გარემო. ცოტნეს აღარ აქვს ტრახეოსტომა, სუნთქვის თვალსაზრისით დახმარება არ სჭირდება და გადაუდებელი დახმარება.

ცოტნეს თბილისში ეყოლება სადღეღამისო ექთანი და სახლში ივლის ყველა სპეციალისტი, ვინც ცოტნეს სჭირდება. ჩემთვისაც ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი რამე გადასატანი მექნებოდა, მე ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ამას მე გავუძლებდი. მე და ცოტნე ვაძლიერებთ ერთმანეთს. ცოტნე ჩემი ხათრით ძალიან ბევრს აკეთებს. ეს ენერგიას მაძლევს მე და ჩემი ენერგია მასზე გადადის. ცოტნე ძალიან ყურადღებით მისმენს. ცოტნემ იცის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლოს“, – ამბობს ჯაბაური.

მისივე თქმით, წყვილი უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს ქართველი ემიგრანტებისგან, რომლებიც მათ სანახავად თურქეთშიც, ჰაიდელბერგშიც და შმიდერისკლინიკაშიც მიდიოდნენ.

„სიყვარული და ეს მხარდაჭერა გვაძლიერებს. მე არასდროს ვკარგავ იმედს. ასევე არიან ცოტნეს ძმები, ჩემი შვილი, გიორგის მეუღლე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ძალიან მამხნევებენ. მათ გარეშე არ ვიცი, თუ რას მოვიმოქმედებდი და შევძლებდი. არცერთი არ ვკარგავთ იმედს. ყველას გვჯერა, რომ ცოტნე გაიმარჯვებს და სასწაულიც რომ იყოს მოსახდენი, ეს სასწაული მოხდება“, – ამბობს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. ამჟამად ის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share