“ორი ვერსიაა – ან ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და ირიბად გზა გაუხსნა, ან ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს მისი საქართველოში შემოსვლას” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის უკვე საქართველოშია.
როგორც ლაგაზიძემ “მთავარი არხის” ეთერში თქვა, მიხეილ სააკაშვილი რა გზითაც არ უნდა ჩამოსულიყო ქვეყანაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლილია.
“რამდენიც არ უნდა ამტკიცოს “ქართულმა ოცნებამ”, რომ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის, გეტყვით, რომ მიზანი მიღწეულია, გამომდინარე იქედან, რომ გარწმუნებთ, სახელმწიფო სტრუქტურები სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილია ამ განცხადების და ვიდეოს გავრცელების შემდეგ. რაც მთავარია, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ სააკაშილი საქართველოშია.
აქ ორი ვერსია შეიძლება იყოს სიცოცხლისუნარიანი თანაბრად. პირველი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და მან ირიბად გაუხსნა გზა სააკაშვილს საქართველოში. ასეთ შემთხვევაში “ოცნების” დღევანდელი ლიდერშიფის ბედი იოლი წარმოსადგენია. მეორე ვერსია გახლავთ ის, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. ორივე შემთხვევაში ფაქტი გახლავთ ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლილი ამ წუთისთვის. მათი ხელისუფლება ფაქტობრივად დამთავრდა, თუ ამასთან გვაქვს საქმე”, – თქვა ლაგაზიძემ.