გაზზე ფასის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ პირველად ბოლო 7 წელიწადში ბუნებრივი აირი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ნავთობი. ამასთან, არასდროს ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ გაზი ასე ხანგრძლივად ყოფილიყო ნავთობზე უფრო ძვირი. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე ინფორმაციით, ფასის ამ ზრდამ ცალკეული ქვეყნები აიძულა მისი გენერაციის სიმძლავრეები გადაიყვანოს თხევად საწვავზე და ეს ტენდენცია შეიძლება გაიზარდოს მკაცრი ზამთრის პირობებში.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, გაზის ფასი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში სანავთობო პარიტეტზე ძვირად ფასობს, რაც ბოლოს 2014 წლის ზამთარში მოხდა, თუმცა მაშინ გაზის ფასი ნავთობის ფასს მხოლოდ 37 დღე აღემატებოდა. წელს კი ეს ტენდენცია უკვე 62 დღეა გრძელდება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.
როგორც ცნობილია, ევროპაში გაზზე ფასის ფორმირება ნიდერლანდებში TTF ჰაბში ხდება, სადაც ეს ბოლო კვირებია ფასის მკვეთრი ზრდა ფიქსირება, შედეგად კი აქაც ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაზი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ნავთობი. წელს მისი ფასი 1000 კუბურ მეტრზე 2000 დოლარსაც კი მიუახლოვდა, მაშინ როცა გასულ წელს ათჯერ ნაკლები ღირდა. თუმცა გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ფასი 1,5-ჯერ შემცირდა და 1250 დოლარი შეადგინა, რასაც Financial Times პუტინის განცხადებას უკავშირებს, რომლის თქმით, ის ხელს შეუწყობს ევროპაში ფასის დასტაბილურებას. არადა, გუშინ დილას და დღის განმავლობაში ევროპაში გაზის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზე იყო და 1000 კუბურ მეტრზე 1920 დოლარად ივაჭრებოდა.