ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას და განზრახ მკვლელობის ბრალზე დუმილს ამჯობინებს. “ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს” – ეს არის აკო ჭელიძის გზავნილი ციხიდან.
რუსთავის ციხის სამარტოო საკანში მოთავსებული აკო ჭელიძის უფლებებს დღეიდან კერძო ადვოკატი დაიცავს. ადვოკატმა არც ის დააკონკრეტა, ითანამშრომლებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან, რომელმაც მოცულობითი ვიდეოჩანაწერები მოიპოვა. მათ შორის არის კადრები, სადაც ჩანს როგორ ესვრის აკო ჭელიძე 10-ზე მეტ ტყვიას ნიკო კვარაცხელიას.
ჯერ ისევ დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე, თუმცა “კურიერის” ინფორმაციით, ადვოკატთან კონსულტაციის და პოზიციების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ, შესაძლოა მან ბრალი აღიაროს.
სახლი, რომელიც ჭელიძის და კავილაძის ბოლო სამალავი იყო მეპატრონემ დალუქა. მიხეილ ყრუაშვილი გამომძიებლებმა მას შემდეგ გამოკითხეს, რაც გაირკვა, რომ მკვლელობისთვის ძებნილები წყნეთში, სწორედ მის კუთვნილ სახლში იმალებოდნენ. სახლის მფლობელი “კურიერს” უყვება, რომ ბრალდებულები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, გამვლელმა ისინი იცნო და პოლიციას შეატყობინა.
3-კვირიანი ძებნის შემდეგ დაკავებულ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორივე ბრალდებულმა სხდომაზე დუმილის უფლებით ისარგებლა. ისინი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ერთმანეთისგან იზოლირებულად, სამარტოო საკნებში განათავსეს. დუმილს ამჯობინებენ ბრალდებულების ოჯახებიც.
რამდენიმე დღის წინ “კურიერს” აკო ჭელიძის მამამ მხოლოდ ის უთხრა, რომ დაკავებულ შვილს სიმართლის თქმას ურჩევს.
მედიაში გავრცელებული ვერსიით, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიების მოტივით მოკლეს. მკვლელობის შემკვეთებად გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის წინ მოკლული ასევე “კანონიერი ქურდის”, დავით კაკულიას შვილები სახელდებიან. ამ ვერსიაზე ჯერ არაფერს ამბობს პროკურატურა. თავად აკო ჭელიძე კი დღეს “კურიერისთვის” გადმოცემული გზავნილით – მკვლელობის ვინმეს მიერ დაკვეთას გამორიცხავს.
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ძიება გრძელდება და არაა გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
რუსთავი 2