ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 20 და 21 ოქტომბერს, 18 საათზე პრემიერას გვთავაზობს.
სენსაციური სპექტაკლი “გურიის დედოფალი”- თემის, ფაქტების, გამომსახველობითი ფორმების ერთობლიობითაა შექმნილი , რომელიც რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა.
რეჟისორი გოჩა კაპანაძე სპექტაკლის შესახებ:
,,პირველად 200 წლის შემდგომ გურიის დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის სახელი და გვარი გაჟღერდება ქართულ სინადვილეში.
სპექტაკლში არის ფრაზა – მე დავბრუნდი, ვუბრუნდები ჩემს სახლს, ჩემს შვილებს, ჩემს მიწას…
სოფიო წულუკიძე გურიელისა ბრძანდება ქალბატონი, რომელიც ჩაეწერება ძალიან დიდი ქალბატონების გალერეაში წმინდა ნინოს, დედოფალი თამარის, დედოფალი ქეთევანის, რუსუდანის, ეკატერინეს, მარიამ ციციშვილის და სხვათა გვერდით.
თამარ პაპავამ ამ თანავარსკვლავედში მოიაზრა იგი და მიუძღვნა შესანიშნავი გამოკვლევა.
ჩვენი სპექტაკლი დამყარებულია ფაქტებზე, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ არქივებზე, რომლებზეც მიუწვდებოდათ ხელი ქალბატონ თამარ პაპავას და მის მეუღლეს.
არა მარტო საქართველომ, გურულებმაც კი არ იციან, რომ ასეთი დიდებული დედოფალი ჰყავდათ, რომელიც ბოლო წუთამდე იბრძოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და იცავდა ღირსებას, თავის ქვეყანას, რომელსაც მისი სულის ნაწილი, შვილებიც კი შეწირა ამ ბრძოლას და თავისუფლებას..
გურია დამოუკიდებელი სამთავრო იყო, დაქვრივებული სოფიო დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებდა ირანთან, თურქეთთან, საბერძნეთთან, რუსეთთანაც.
მივიწყებულია დედოფალი სოფიო, ბატონი გიორგი კალანდიას დამსახურებით მიახლოებით ვიცით მისი საფლავი სად არის…
სცენიდან ბევრი სენსაციური და საინტერესო ფაქტი გაჟღერდება.”