საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექსპერიმენტულ 8 ერში ჩართვა გადაწყვეტილი ამბავია და ბორჯღალოსანთა კალენდარიც შეთანხმებულია. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ქართველ მორაგბეებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები შეეცვალათ. ამ თემაზე არაერთი ცნობილი ბრიტანული გამოცემა წერს, რომელთაგან Telegraph-ი და Walesonline-ი უნდა გამოვარჩიოთ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ერთჯერადი შეჯიბრის ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, კალენდარი სარაგბო სამყაროსაც აერია. თავიდანვე შემუშავეული იქნა ტურნირის სქემა, სადაც 6 ერის წევრ ქვეყნებს 2 მიწვეული ნაკრები უნდა დამატებოდა. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოც არაერთხელ ახსენეს (ფიჯისთან, იაპონიასთანა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად), ახლა კი, როგორც სჩანს, ყველაფერი გადაწყვეტილია. იაპონელთა და აფრიკელთა უარის შემდეგ, შეჯიბრის ორგანიზატორებს “ბორჯღალოსანთა” მიწვევის გარდა, სხვა არჩევანი აღარც ჰქონდათ.
A ჯგუფი: ინგლისი (3*), ირლანდია (4), უელსი (6), საქართველო (12) B ჯგუფი: საფრანგეთი (5), შოტლანდია (8), ფიჯი (11), იტალია (14)
როგორც Telegraph-ი წერს, ტურნირის ოფიციალური განრიგი და ისიც, რომ მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, უახლოეს ორ კვირაში გამოცხადდება, თუმცა, უკვე ცნობილი ხდება, რომ “ბორჯღალოსნები” ჯგუფში ინგლისთან, უელსთანა და ირლანდიასთან ითამაშებენ და არა, საფრანგეთთან, შოტლანდიასთანა და ფიჯისთან, როგორც თავიდან იყო ნავარაუდევი. შესაბამისად, მე-2 ოთხეულში ფიჯის ეროვნული გუნდი ჩაჯდება.
აღნიშნული ვებ-გვერდივე იუწყება, რომ ინგლისის ნაკრებს პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოსთან აქვს დაგეგმილი. აღნიშნული 14 ნოემბერს ლეგენდარულ თვიქნემზე მოხდება და ეს, გუნდების მე-3 დაპირისპირება იქნება. “ბორჯღალოსნები” და “ვარდები” ერთმანეთს 2003 და 2011 წლების მსოფლიო თასებზე შეხვედრიან და ორივე შემთხვევაში, ბრიტანელების უპირატესობა აშკარა იყო: 84:6, 41:10.
უკვე Walesonline-ი გვატყობინებს, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 8 ერზე მე-2 მატჩი 21 ნოემბერს უელსთან ექნება, თუმცა, ამ შეხვედრის ჩატარების ადგილი, ჯერჯერობით, უცნობია. “დრაკონები” საშინაო მატჩებს Principality Stadium-ზე ატარებენ, თუმცა, პანდემიის ჟამს ეს გრანდიოზული სარბიელი საავადმყოფოდ გადაკეთდა და დიდი ალბათობით, უკეთესი სიტუაცია არც ნოემბერში იქნება. უელსელები სათადარიგო ვარიანტად Parc y Scarlets-ს განიხილავენ, რომელიც ლანელიში მდებარეობს და 15 ათასამდე მაყურებელს იტევს. შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს უელსელებთან 2-ჯერ უთამაშიათ და ორივე შეხვედრა ბოლო პერიოდში ჩატარდა: 2017 წელს კარდიფულ ტესტ-მატჩში მხოლოდ 6:13 დავმარცხდით, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი, იაპონიაში, მეტოქის უპირატესობა უფრო თვალსაჩინო იყო – 14:43.
უელსური გამოცემა კიდევ ერთ საინტერესო დეტალს ამხელს. როგორც სჩანს, 8 ერის ჯგუფური ეტაპის დასრულების მერე არა მხოლოდ ფინალური მატჩი ჩატარდება, არამედ, ყველა ადგილი გათამაშდება. შესაბამისად, თუკი საქართველომ ჯგუფში მე-4 პოზიცია დაიკავა (დიდი ალბათობით, ასეც იქნება), მე-2 ჯგუფის აუტსაიდერს შეხვდება, ეს კი, თავის გამოჩენის დამატებითი საშუალებაა.
ამგვარად, ბორჯღალოსნებს ტურნირზე დასკვნითი მატჩის ჩატარება 5 დეკემბერს მოუწევთ და ამავე დღესვე ჩემპიონის ვინაობასაც შევიტყობთ, მანამდე კი, 28 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ირლანდიასთან ჩაატარებს. “ბორჯღალოსნებს” “სამყურებთან” ოთხივე გასული შეხვედრა წაგებული აქვთ: 1999 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციაში – 0:70, 2003 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციაში – 14:63, 2007 წლის მსოფლიო თასზე – 10:14 და 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე – 7:49.