ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ოჯახი, ოზურგეთელ ამომრჩევლებს ატერორებს და მათ არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძის სასარგებლოდ აიძულებს გადაწყვეტილების მიღებას.
როგორც „გურიის მოამბეს“ უყვებიან, ლილი ივანიშვილი ურეკისა და წვერმაღალას შემდეგ, შრომის მოსახლეობასაც გადმოწვდა და ადგილობრივებს მუქარითა და შანტაჟით, კოტე შარაშენიძის საწინააღმდეგოდ, ავთანდილ თალაკვაძის მხარადაჭერას აიძულებს. „პირველ ტურში ხომ არ მოშორებია ურეკს, ძველი ბიჭივით იდგა საარჩევნო უბნებთან და მისი აგიტაციის გარეშე შიგნითაც ვერ შედიოდა ვერავინ. საქმეს გვირჩევს ფაქტობრივად, როგორ ვბედავთ და მხარს ვუჭერთ შარაშენიძეს“-გვიყვება წყარო სოფელ შრომიდან.
ადიკო ივანიშვილის ოჯახი ყველა არჩევნებზე აქტიურადაა ჩართული და მათი მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლა გურიაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რაც შეეხება ლილი ივანიშვილს, როგორც გურიაში ხუმრობენ, მისი ნების გარეშე ურეკსა და შეკვეთილში ჩიტი ბუდის გაკეთებასაც ვერ შეძლებს-ო. არა ერთხელ მოხვედრილა ქალბატონი მედიის ყურადღების ქვეშ და ყველა შემთხვევაში მისი გამოჩენა არჩევნების თემას უკავშირდებოდა.
განსაკუთრებული აქტიურობით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოირჩევა. ივანიშვილებმა ოზურგეთელ ამომრჩევლებს თავი პირველად ადიკოს მეგობრად წოდებული ბეგლარ სიორიძის არჩევნების დროს დაამახსოვრეს, როცა საარჩევნო უბნებზე მისული ხალხი მედიასთან ტერორსა და დაშინებაზე ღიად ალაპარაკდა. მაშინ სრულიად უშედეგოდ. ახლა კი, როგორც ჩანს, შედეგების გაუმჯობესების მიზნით „შიდა საზღვრების გადალახვაც“ გახდა საჭირო და ურეკსა და შეკვეთილში ზეაქტიურობით ცნობილმა ქალბატონმა, აგერ უკვე შრომამდეც ჩამოაღწია.
იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილების აქტიურობას ოზურგეთელ ამომრჩევლებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებისა და ზოგადად „ქართული ოცნების“ შესუსტებული პოზიციების ფონზე, რამდენად ექნება შედეგი გონიერ ოზურგეთელ ამომრჩევლებზე განხორციელებულ „ივანიშვილების შტურმს“.
შეყვანა