აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ძალიან შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის გამო.
“რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის კარგად ყოფნაზე. რა თქმა უნდა, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობა. ვხედავთ, რომ შექმნილია ექიმების მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც აკვირდება მის მდგომარეობას. ამას ჩვენც ვაკვირდებით”. – ამბობს აშშ-ის ელჩი.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 27 დღეა, საკვები არ მიუღია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს.
დღეს სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე.