საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, IRI-ს ანალიტიკოსების გუნდმა ძალადობის მზარდი ტენდენცია, ამომრჩევლებისა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები და ადმინისტრაციული რესურსის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება გამოავლინეს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ყველაფერმა მთავრობასა და მმართველ გუნდს შორის ზღვარი წაშალა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნებზე, ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში წარიმართა. დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, თუმცა მათ სისტემური ხასიათი არ ჰქონია. ამავდროულად, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა პარტიების წარმომადგენლების მობილიზაცია შენიშნეს, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.
“ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშინება, ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მზარდი ტენდენცია ნებისმიერი დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. არჩევნების დღის მშვიდ გარემოში ჩატარების მიუხედავად, მეტის გაკეთებაა საჭირო იმისათვის რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მშვიდობიანი და სამართლიანი გარემო იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი ანგარიში ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გადაუდებელ აუცილებლობას ცხადყოფს”, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა, სტეფან ნიქსმა.
ანგარიში დამატებით აღნიშნავს, რომ სავალდებულო უბნების გადათვლამ, რომელმაც ოქმებში 33%-იანი დისბალანსი გამოავლინა, რიგი სადავო პროცესები გამოიწვია.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები საქართველოს პარლამენტის მიერ, ივნისში, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით ჩატარდა. აღნიშნული ცვლილებები შეეხება საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას, საარჩევნო კამპანიის რეგულაციებს, ხმის დათვლისა და საჩივრების განხილვის პროცედურებს და საკრებულოების დაკომპლექტების წესს. IRI-ს შეფასებით, მიღებულმა ცვლილებებმა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა, თუმცა ის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაში არ არის.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იმის მიუხედავად რომ რეფორმები შორს არის სრულყოფილებისგან, პროგრესი შესამჩნევია”, განაცხადა ნიქსმა.