უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ მხარეს მოუწოდებს, რომ ის დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში.
“შეშფოთებულები ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანით. მოვუწოდებ ქართულ მხარეს რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანოს სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ის აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო, სად გადაჰყავდათ ის. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, დღის ბოლოს კი პენიტენციურმა დაწესებულებამ დაადასტურა, რომ ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები უკვე რადენიმე დღეა მოითხოვდნენ, რომ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ. მათი თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოს არ აქვს სამკურნალოდ შესაბამისი აღჭურვილობა, ამასთან ამბობდნენ, რომ იქ დაცული არ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენმაც არაერთი განცხადება გაავრცელა, მან დაწესებულება ორჯერ შეამოწმა და აღნიშნა, რომ საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება კონსილიუმის რეკომენდაციებს. თუმცა მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არ ესაჭიროებოდა, ამასთან, ამბობდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. გლდანის ციხეში გადაყვანაზე უარს აცხადებდა თავად მესამე პრეზიდენტიც.
ამ ეტაპისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, ის უკვე 39 დღეა შიმშილობს.