ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია ბატონი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა. ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს.
ამასთან, კარლ ჰარცელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში.
„ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია ბატონი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ მისი უფლებების სრულ პატივისცემას, როგორც პატიმრის, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვის საკითხში, ასევე, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს გასულ თვეში საქართველოს მთავრობის მიერ ბ-ნ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მუშაობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კონსილიუმი თავის ღირებულ მუშაობას გააგრძელებს. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, რომელსაც აქვს კონკრეტული კონსტიტუციური როლი – საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობა.
მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებულ ზედმიწევნით შემოწმებას პატიმართა უფლებების საკითხთან დაკავშირებით.
მუდმივად ვაკვირდებით ამ უწყებების რეკომენდაციებსა და შეფასებებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ბ-ნ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გამოხატულ პოზიციებს.
შესაბამისად, ბ-ნ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს.
რაც შეეხება მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მხედველობაში ვიღებთ, რომ ბ-ნი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბ-ნ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება.
რაც შეეხება ბ-ნ სააკაშვილის უფლებებს, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, მხედველობაში ვიღებთ, რომ დღეს, ბ-ნ სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბ-ნ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში.
მხედველობაში ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა ბ-ნი სააკაშვილი გადაიყვანონ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადრე დასახელებული პრობლემის გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაყვანა განხორციელდება.
ევროკავშირი ამ სიტუაციას კვლავ დიდი ყურადღებით დააკვირდება და მჭიდრო კავშირშია სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსთან“.