თუ გინდა რომ ბედნიერი იყო…

თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, გათავისუფლდი წყენისგან. გაიმარჯვე ბრაზზე, ბოღმაზე, ნეგატიურ ფიქრებზე. აპატიე და დაემშვიდობე, გაუშვი შენი ცხოვრებიდან მშვიდად. ოღონდ მართლა გულით აპატიე. ნახავ როგორ მოგეშვება. არ აიშენო გონებაში ნეგატივის პირამიდები. ძნელია ბოლომდე აშენებულის დანგრევა. ჩვევად გაიხადე, დღის ბოლოს ჩაქუჩით ჩამოამტვრიე და გადაფერთხე. ასე ბევრად მარტივია ღამე დაძინება. ასე ბევრად მარტივია ცხოვრება. არ ღირს დარდი წვრილმან უსიამოვნებებზე.

არასდროს შეგშურდეს სხვისი ბედნიერების, რადგან სხვას რაც ბედნიერებას ანიჭებს, შესაძლოა შენთვის სულაც არ იყოს ბედნიერების მომტანი. შენ თავად შექმენი შენი ბედნიერი სამყარო. მიმოიხედე, შენს გარშემოც მრავლადაა ბედნიერების მიზეზი. უბრალოდ აქამდე ვერ ამჩნევდი. შური შურია, თეთრიც და შავიც. ამიტომ ჯობია ფერადი გზა აირჩიო. ასე შენც ბედნიერი იქნები და სხვასაც გააბედნიერებ.

როდესაც სხვისი კარგად ყოფნა და ბედნიერება სიხარულს განიჭებს. როდესაც სიკეთეს ყოველგვარი ანგარებისა და მოლოდინების გარეშე აკეთებ და ეს შენთვის ყოველდღიურობაა. როდესაც შეგიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, გარშემომყოფების კეთილდღეობაზეც იფიქრო, გილოცავ! შენ ნამდვილი ადამიანი ხარ!!

დღის განმავლობაში შეაგროვეთ პატარ -პატარა ბედნიერება. დაახარისხეთ, აკინძეთ. ძილის წინ კარგად გადაავლეთ თვალი და დილას ენერგიით დამუხტული გაიღვიძებთ. დადებითი ემოციებით სავსე. სანამ ბოლომდე ამოიწურება მარაგი, ახლიდან შეივსეთ.

სად იპოვოთ ბედნიერება? თქვენს ირგვლივ, წვრილმანებში.

თეა მანგოშვილი

jolo.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share