ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდაა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოსახლეობის არაერთ ფენაზე ნაწილდება.
ასევე თურნავამ სიღარიბის დღეს არსებული მაჩვენებელი 2005, 2006 და 2007 წლებში არსებულ მაჩვენებლებს შეადარა და თქვა, რომ მასთან მიმართებით დღეს უფრო დაბალი სიღარიბე სწორედ ხელისუფლების დამსახურებით არის მიღწეული. თუმცა მინისტრს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ 2020 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა და 2019 წელს არსებული 19.5%-დან 21.3% გახდა. რაც რაოდენობრივად 793,808 ადამიანი, ანუ ყოველი მეხუთე მოქალაქეა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, დღეს სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას 633,000 მოქალაქე იღებს, რაც რეკორდული რაოდენობაა და ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17%-ს შეადგენს. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2020 წლის იანვართან შედარებით 201,000 ადამიანით არის გაზრდილი, რაც გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
პანდემიური და ლოქდაუნებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რაც 2020 წელს დაიწყო საქართველოსთვის 1994 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე იყო, რადგანაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა. ასეთი დიდი ვარდნა საქართველოს ეკონომიკას 2008 წლის ომის შემდგომაც არ ჰქონია, რადგან ათიათასობით ადამიანმა მრავალი თვის განმავლობაში შემოსავლების წყარო დაკარგა. 2021 წელს კი ეკონომიკური გამოცოცხლებაა, რაც შეზღუდვების შემსუბუქებით, გადავადებული მოთხოვნით და საერთაშორისო საზღვრების გახსნით არის გამოწვეული. 2021 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა და მთავრობა წელს 10%-ის ზრდას მოელის, თუმცა, ეს არ არის ჩვეულებრივი მაღალი ეკონომიკური ზრდა, რადგან ის სრულად გამოწვეულია საბაზო ეფექტით. თითოეული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს დარდება, 2020 წელს კი საქართველოში ზრდის ნაცვლად 6.8%-იანი რეცესია იყო, რაც წელს ქაღალდზე მაღალი ზრდისთვის ქმნის “საბაზო ეფექტს”.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მზარდ გამოწვევად იქცა ინფლაცია, რადგან ფასების წლიური ზრდის ტემპმა უკვე 13%-ს მიაღწია, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმუმია. ამ მაჩვენებლით, საქართველო IMF-ის შეფასებით, მსოფლიოში მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.
ფასების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებულად მწვავედ მოსახლეობის მოწყვლად ფენებზე აისახება. ამაზე ქვეყანაში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც ნათლად მეტყველებს. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმის მოცულობაა 224.2 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 36.5 ლარით, ანუ 19.4%-ით არის გაზრდილი, ასეთი მაღალი ზრდა სურსათის ფასების მკვეთრი მატებით არის გამოწვეული. შესაბამისად, საქართველოს მოწყვლადი მოსახლეობის მიერ, მათი ფიზიკური გადარჩენისთვის გასაღები ხარჯების მოცულობა გაზრდილია.