”იბრძოლე დღეს, რომ ხვალ ბედნიერად იცხოვრო. იბრძოლე დღეს, რომ ხვალ არ შეგეშინდეს ქუჩაში გასვლის..გაიღვიძე ერო”-გიორგი სულაძე

”რამდენადაც ფერად და მრავალფეროვან ეპოქაში ვცხოვრობთ, იმდენად შავთეთრია გული, სული და გონება ადამიანის, მითუმეტეს ქართველის. მახსოვს ის ქართველი, რომელიც ქართველობდა, ხელში ვარდი ეჭირა, ხოლო გული კი ანთებული ჰქონდა. მახსოვს ის სიფერადე, ის გაზაფხული რაც იმ დროს ხდებოდა, მახსოვს იმ ადრენალინის სურნელი რაც თავისუფლების მოედანზე სუფევდა და არამარტო მანდ – ყველგან. თითოეულ ოჯახში, ქუჩაში, უბანში თუ ქალაქში. სწორედ ამ დროს გადადგა ქართველმა ხალხმა ნაბიჯი წინ ცივილიზაციისკენ, წინ განვითარებისკენ და მომავლისკენ, ხოლო დღეს 2021 წლის მიწურულს ხალხი დაბეჩავებულია და სრულიად გაპარტახებული, აღგვილი მიწისაგან პირისა. არ მინდა დარვინის თეორიისკენ წავიდე, რადგან შორს წაგვიყვანს ეს თემა, თუმცა ასეც რომ ვიმსჯელოთ მშრალად – რა განგვასხვავებს ადამიანებს ცხოველებისგან. ცხოველს უნდა და მორჩა, ადამიანსაც უნდა, კლავს ცდუნება, მაგრამ მისი ცდუნების წინ მისი გონებაა. სწორედ გონებამ უნდა აკონტროლოს ადამიანის ყოველი მომდევნო ნაბიჯი, გონებამ უნდა აგოს პასუხი ადამიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე. მაშ რით განვსხვავდებით ცხოველისგან, ან განვსხვავდებით კი რომ? ის თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი არ გვაქვს რაც ჩვენთვის ადამიანებად წოდების საშუალებას იძლევა. ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველანი ვართ „ეგოისტები“, ეგო – ანუ ჩვენი თავი, მე, „ისტი“ – ანუ მიმდევარი. აქედან გამომდინარე ჩვენი თავის მოყვარეები. არ გაგაჩნია ეგო, არ ხარ პიროვნება. სწორედ ასეთ დღეში ვართ დღეს ჩვენ. ჩვენ ჩვენი მე არ გაგვაჩნია, ჩვენი იდენტობა, პიროვნულობა, ადამიანობა გვაქვს დაკარგული, იმ უნარების, რეფლექსების, თვითკმაყოფადობისა თუ სურვილების ერთობლიობა, რაც შემდეგში გვაქცევს ადამიანებად. თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი აღარ დაგვრჩენია. ვხედავთ, შევიგრძნობთ, ყოველ დღე, ყველგან ვხედავთ იმ უსამართლობას და განუკითხაობას რაც ქვეყანაში ხდება. ვეფლობით დღითიდღე ჭაობში და სანაცვლოდ ხელ-ფეხს არ ვამოძრავებთ, ვსხედვართ სრულიად ინერტულად, უმოძრაოდ. ვიბრძვით კი ჩვენ ჩვენივე თავისუფლებისა და მომავლისთვის? – არა!!! ვზივართ და ველოდებით სხვა როდის გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, მაგრამ სხვა არასდროს და ვერასდროს გააკეთებს იმას, რაც შენ უნდა გააკეთო და შენი გასაკეთებელია. არ არის დრო იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ პოლიტიკური ან/და რელიგიური მრწამსისა თუ კუთვნილებისა, დრო აღარ გვაქვს. დღეს, ყველანი ვდგავართ ერთ მხარეს, ვიბრძვით უსამართლობისა და განუკითხაობისთვის. და საერთოდ, რა ღირს დღეს ადამიანის სიცოცხლე, რა ფასი აქვს, საერთოდ აქვს ფასი?!, არა ფასი არ აქვს, მეტიც ის უფასოა. შენი, ჩემი, ჩვენი ყველას სიცოცხლეს და თავისუფლებას დღეს ფასი არ აქვს. თუკი ამ ყველაფერს ხედავ ქართველო, მაშინ რატომ არ იბრძვი შენი მომავლისთვის, შენი თავისუფლებისთვის, გაზრდა-განვითარებისთვის.
იბრძოლე დღეს, რომ ხვალ ბედნიერად იცხოვრო. იბრძოლე დღეს, რომ ხვალ არ შეგეშინდეს ქუჩაში გასვლის, და გქონდეს ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა.
გაიღვიძე ერო”.
გიორგი სულაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share