“გაჩუმდით, თორემ სასჯელს დავუმატებთ”-როგორ მოატყუა “ოცნებამ” ოზურგეთში პატიმრის ოჯახის წევრები

ოზურგეთში წინასაარჩევნოდ “ოცნება” პატიმრების ოჯახის წევრებს, მობილიზებული ხმების სანაცვლოდ, პატიმრების გათავისუფლებას შეპირდა.

ამის შესახებ”გურიის მოამბეს” რამდენიმე წერილი ჰქონდა გამოქვეყნებული. როგორც მაშინ ჩვენთან რამდენიმე ადამიანი საუბრობდა, ერთი პატიმრის გასათავისუფლებლად ავთანდილ თალაკვაძის სასარგებლოდ ოჯახს დაახლოებით 200-250 ხმა უნდა მოეგროვებინა. მათთან მოლაპარაკებებს კი, ძირითადად დეპუტატობის კანდიდატები აწარმოებდნენ. ისინი ოჯახებს მათი პატიმრების არა მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, არამედ უცხოეთიდან ექსტრადირებასაც ჰპირდებოდნენ. ასეთი ფაქტებს ადგილი ჰქონდა მაგალითად სოფელ დვაბზუში, ბახვში, გურიანთაში, მელექედურში და ა.შ.

რაც შეეხება სოფელ ჭანიეთს, იქ ერთ-ერთი პატიმრის მამას, სასჯელის განახევრების თაობაზე თავად არჩილ თალაკვაძე შეუთანხმდა. ბოლოს კი, როცა მამის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მედიამდე მივიდა, აღნიშნული პიროვნება სპორტსმენებს ისე აცემინეს, რომ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა, შეშინებული მეზობლები კი, მედიასთან ირწმუნებოდნენ, რომ ღამის საათებში მამაკაცი ხეზე ავიდა და იქედან გადმოვარდა.  რა თქმა უნდა, არც ამ და არც სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებზე რეაგირება არავის მოუხდენია და ყველაფერი ისე შეირგო ‘ოცნებამ” როგორც მოპარული არჩევნები.

ის დეპუტატები, ვინც წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტიურობდნენ და პატიმრების ოჯახებს ტყუილ დაპირებებს აძლევდნენ, ახლა უფრო შორს წავიდნენ და დაპირებიდან მუქარებზე გადავიდნენ. ამის შესახებ” გურიის მოამბესთან”  ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის ახლობელი  საუბრობს. როგორც ის ჩვენთან საუბარში ყვება, ეს ადამიანები არჩევნების შემდეგ უკვე დეპუტატებსა და პარტიის წარმომადგენლებს მუდმივად უკავშირდებოდნენ დაპირების შესრულების მოთხოვნით. მათ ჯერ სატელეფონო ზარები დაუბლოკეს, შემდეგ კი შეუთვალეს-“გაჩუმდით, თორემ სასჯელს გავუორმაგებთო: “ჩემი ახლობლის შვილი ციხეში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ზის. 4 წელია სასჯელს იხდის. მივიდნენ დედამისთან,. არბენინეს ხმებზე. არჩევნების დღესაც მოყავდა ხალხი უბანზე. დაპირება ჰქონდა, ერთ წელიწადში გამოვუშვებთო…თავიდანვე ვუთხარი, გატყუებენ, ვინ გამოუშვებს ციხიდან ასე მალე- მეთქი და არ დამიჯერა. ასეთი იცი რამდენი ვიცი? როგორ გაასულელეს ეს გამწარებული ხალხი. არჩევნების შემდეგ კიდეც მიწერეს, დაურეკეს ამ დამპირებლებს და ეტყობა შეწუხდნენ და დაუბლოკეს ზარები. მერე შემოუთვალეს, ხმა აღარ ამოიღოთ, თორემ სასჯელს დავუმატებთო”- გვიყვება ქალბატონი.

პატიმრების თემით ხმებზე ვაჭრობის გარდა, “ოცნებამ” საარჩევნოდ ყველა ის ადამიანი ამუშავა მათ სასარგებლოდ, ვის ირგვლივაც ოზურგეთში თვეობით ხმაური არ წყდებოდა მდინარეებიდან ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების გამო. ხმების სანაცვლოდ მათ დაპირებად, დახურული კარიერების ისევ ამუშავებას დაპირდნენ.

ვნახოთ, “ოცნება” ამ შემთხვევაში გარისკავს თუ არა გურიის მდინარეების აოხრების ხარჯზე ე.წ. “კაი ბიჭების” დაკმაყოფილებას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share