”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთი კვირაა ბერმუდის სასამართლოს ჩვენებებს აძლევს. ”შაბათის ფორმულამ” სასამართლოში ივანიშვილის 3 ჩვენება მოიპოვა. გაირკვა, ვის უფორმებდა ქონებას და ვინ არიან ის ადამიანები მისი პირადი გარემოცვიდან, ვის გამოც შესაძლოა დაკარგა სადავო 400 მილიონი. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ივანიშვილმა საქართველო დატოვა, თუმცა შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ის ბერმუდის სასამართლოს ჩვენებას ყოველდღე, ჭორვილის რეზიდენციიდან აძლევდა. “ცოტას დავიტრაბახებ – ვერ ნახავთ პოლიტიკის ისტორიაში, მოვიდა გუნდი, დავინიშნე პირველ პირად, დავპირდი მოსახლეობას, გავაკეთე და პიკში ვიყავი თანამდებობის და დავტოვე. ასეთი მაგალითი მეორე არ არსებობს პოლიტიკის ისტორიაში. არავის ჩემი წასვლა არ უნდოდა ისეთი პოპულარული ვიყავი”, – თქვა ივანიშვილმა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს. ის, რომ ივანიშვილი ჩვენებას საქართველოდან აძლევდა, რამდენიმე უცხოური მედიაც ადასტურებს.
შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად იყო, უსასრულოდ, ონლაინ რეჟიმში ედავა დაკარგული 400 მილიონი დოლარის გამო. შვეიცარული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა – ხელშეკრულების გაფორმებისას რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ოლიგარქისა და ბანკის წარმომადგენლების ყველა შეხვედრას ესწრებოდა. ღარიბაშვილი, მაშინ როდესაც მილიარდერს შვეიცარულ ბანკთან ქონების გაფორმებაში ეხმარებოდა, ქართუ ბანკში მუშაობდა. ის ესწრებოდა იმ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რომლითაც ოლიგარქმა 400 მილიონი დაკარგა. ივანიშვილი სასამართლოს არწმუნებს, რომ პირი, რომელიც პრემიერად დანიშნა, ვერც ფინანსებში და ვერც იურისპრუდენციაში ერკვევა.
სასამართლო პროცესის ვიდეო ჩანაწერიდან – ოლიგარქის გეგმების შესახებ ბევრი აქამდე უცნობი ფაქტი გაირკვა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ივანიშვილი ქონებას შვილებზე ანაწილებს, მაგრამ არა ყველაზე. მილიარდერი არაფერს აძლევს უფროს შვილ უტა ივანიშვილს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა მოიძულა და ცალკე, საფრანგეთში ცხოვრობს. სასამართლო დავას ასე ჰქვია – “ბიძინა ივანიშვილი, ეკა ხვედელიძე, ცოტნე ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი – შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ”.