”სრულიად ვეთანხმები ბატონ ნიკოლოზ ყიფშიძის დასკვნას იმის შესახებ, რომ აუცილებელია პატიმარი პრეზიდენტის რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ, დამოუკიდებელ კლინიკაში, სადაც მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნებენ დამოუკიდებელი პროფესიონალები, რომლებზე ზეწოლის თეორიული სპეკულაციაც კი გამორიცხულია.
სხვათაშორის, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, პუტინმაც კი არ ისურვა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ნავალნიზე პასუხისმგებლობის აღება და ნება დართო გერმანულ კლინიკაში მომხდარიყო მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია.
თავად საქართველოს დე ფაქტო და დე იურე მმართველების ინტერესებშია ამის გაკეთება, რადგან პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ობიექტური და სუბიექტური გარემოებები მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე.
საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმარი პრეზიდენტის უფლებების უხეშ დარღვევას, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაში.
შესაბამისად, საქართველოს მოქმედი მთავრობის პირდაპირ და უშუალო პასუხისმგებლობას წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დაშვებული უხეში შეცდომების რეაბილიტაცია საქართველოს მოქალაქეებისა და მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე; არსებული სამოქალაქო დაპირისპირების დეესკალაცია და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვა.
ქართული სამედიცინო დიასპორა სიამოვნებით დაეხმარება საქართველოს მთავრობას შესაბამისი კლინიკის მოძებნაში საზღვარგარეთ და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციაში, რადგან ამ კრიზისს დამანგრეველი გავლენა აქვს როგორც საქართველოს სახელმწიფოს აწმყოსა და მომავალზე, ასევე საქართველოს მოქალაქეთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც და ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ სამშობლოს კრიტიკულ სიტუაციაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები უნდა გადაწყდეს საერთაშორისო, დამოუკიდებელ სასამართლოში, სადაც ვერცერთ მხარეს ვერ ექნება პრეტენზია სუბიექტურობაზე. ეს იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი გახლეჩილი ერის გასაერთიანებლად და დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემისა და ცივილურობის აღსადგენად. გთხოვთ …”
წერს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილს ციხის გარეთ მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს.