ვითამაშოთ კალათბურთი – ამ სლოგანით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს.პროგრამა რეგიონებში კალათბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას ემსახურება.
დღეს ამ პროგრამის ეგიდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას, სადაც საკალათბურთო სექცია გახსნის დღიდანვე წარმატებით ფუნქციონირებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ოზურგეთელ კალათბურთელებთან ხელდამშვენებული, საჭირო საკალათბურთო ატრიბუტიკით : ფარებით, ბურთებით, ფორმებით, დაფებით, სათვალეებით, სასტვენებითა თუ მრავალი სხვა ინვენტარით ჩამოვიდა.
პროექტი – ვითამაშოთ კალათბურთი, სწორედ რეგიონების ინვენტარით აღჭურვას და ადგილზე საკალათბურთო ცხოვრების გაძლიერებას, სპორტის გამორჩეული სახეობის, კიდევ მეტად პოპულარიზაციას ემსახურება.
ოზურგეთში სტუმრებს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გუბერნატორის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ დოლიძე, გურიის რეგიონული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე, ასევე მწვრთნელები და მთავარი, კალათბურთის სექციაში მოვარჯიშე, წარმატებული გოგო – ბიჭები დახვდნენ და საჩუქრები დიდი სიხარულით მიიღეს.
აღნიშნული პროგრამა, როგორც ვთქვით რეგიონული ფედერაციების განვითარებას ემსახურება, რომელიც FIBA ახალგაზრდების განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს 9 რეგიონში ხორციელდება და მასში 1000 – ზე მეტი ბავშვი და 130 – ზე მეტი მწვრთნელია ჩართული.
დღესვე გურიის ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა თოიძის, ასევე მწვრთნელებს : აზა კოპალიან – მჟავანაძეს, თორნიკე გოგუაძესა და ლერი დარჩიას სიგელები გადაეცათ.
საგულისხმო დეტალი გახლავთ ის, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია რეგიონებში და მათ შორის გურიაში, ოზურგეთში არაერთი რესპუბლიკური შეჯიბრის ორგანიზებას გეგმავს. ასევე იზრუნებს დარბაზის იერსახის, იატაკის განახლებაზე, რაც სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანი დაპირება იყო.