“ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის მტკიცებით, მთავრობა ერთი ხელით საქმეს აკეთებს, მეორე ხელით კი შიდა თუ გარე მტრებს იგერიებს. მისი აზრით, მესამე პრეზიდენტის მიერ POLITICO-სთვის გაგზავნილი წერილი ქვეყანას აზიანებს.
“ნაციონალურ მოძრაობას არა თუ არ შეუწყვეტია ქვეყნის საბოტაჟი, ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ძალ-ღონის არდაშურება არამედ, ყოველდღიურად, უფრო და უფრო აქტიურობს იმისთვის, რომ როგორმე დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა. ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ის წერილი, რომელიც სააკაშვილმა გააგზავნა და ითხოვს რომ ჩვენ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები.
ამიტომ, თქვენ როდესაც სვამთ კითხვას, რომ სად ვიყავით – ერთი ხელით ვაკეთებდით რა თქმა უნდა, საქმეს, ხოლო მეორე ხელით ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს ვიგერიებდით”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემას, POLITICO-ს მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, გააუქმოს გადაწყვეტილება – მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე.