გურულებისათვის მცირეოდენ უხერხულობასაც კი არ ქმნიდა რიცხვი ცამეტი, სამაგიეროდ ძალიან უფრთხოდნენ რიცხვებს ოთხს და ხუთს. ოთხი დაკავშირებული იყო გამოთქმა დაოთხვასთან ანუ ოთხივე კიდურით სირბილთან ან/და დამაცირებელ მუშაობასთან, ასევე ძლიერ გადაღლასთან, ან კიდევ უფრო უარესი ოთხად დაჭრასთან. რაც შეეხება რიცხვ ხუთს, გურულები მას უკავშირებდნენ ხუთვას, ანუ დახუთვას – დახრჩობას.
გურულები საქართველოს სხვა კუთხების მაცხოვრებელებისაგან განსხვავებით სამასამოცდასამ წმინდა გიორგის ახსენებდნენ ლოცვებში. რასაც აღწერს ტ. მამალაძე თავის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში (გამოქვეყნებულია 1893 წელს), ამავე ჩანაწერებში არის მის მიერ გურიაში ჩაწერილი უჟმურის შეყრის საწინააღმდეგო ლოცვა:
„შენ ივანე ანგელოზო, მომავალო ღამით და მფარველო სულისაო, ჯვარსა ვიწერდი ცხრითა ჯვარითა, ცხრითა ანგელოზებითა, სოლომონის ბეჭდითა, ოთხი სახარებითა.
წმინდაო გიორგი, შენ მათხოვე შენი და შენი სარტყელი, არსაკ და ხმალი, ოქროს ჯაჭვი, ზღვაში ვეშაპის გამხეთქელო, გველეშაპის გამტკლეცელო, შენ დაიცავი და დაიფარე, სამას სამოცდასამო წმინდაო გიორგი თვალუჩნარი უჟმურისაგან.“
ლევ დიმიტრიევ-კავკაზსკის 1883 წლის ნახატი – გურული
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.