მე ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ვარ, რადგან ვისაც ვენდე და ვისი იმედიც მქონდა, არცერთმა მათგანმა არ გაამართლა, ქვეყანაში არაფერი ისე არ გაკეთდა, როგორც ვფიქრობდი” – ამბობს “კვირის პალიტრასთან” ცნობილი მსახიობი, ლეო ანთაძე, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს:
გულწრფელად გეტყვით, ძალიან სუსტი პოლიტიკოსი ვარ… არანაირი რეცეპტი არ მაქვს, დღევანდელი ურთულესი სიტუაციიდან გამომდინარე, რა გამოსავალი არსებობს. მე ვერ გამოვასწორებ ამ ამბავს და ვერც ვხედავ რამე სასიკეთოს… ძალიან დიდი სიძულვილია ირგვლივ და მეტი სიყვარულია საჭირო.
ვარდების რევოლუციას” მხარს ვუჭერდი და შევცდი… მიხეილ სააკაშვილის რაშიც მწამდა, არ გაამართლა მოლოდინი და უამრავი შეცდომა დაუშვა… შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვიყავი, ან ვინ არ იყო მისი მხარდამჭერი 2012 წელს?! ვერც მისმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გაამართლა, არაფერი წინ არ მიდის, ყველაფერი ერთ ადგილზეა გაჩერებული! ეს ძალიან მწყინს! ვინაიდან არცერთმა არ გაამართლა, იქნებ, კოალიციურმა მთავრობამ გაამართლოს, მხოლოდ ამის იმედი მაქვს! იქნებ, ეგ იყოს გამოსავალი, ქვეყანას ეშველოს და კიდევ თუ შევცდი, მართლა აღარ ვიცი, რა ვთქვა…
მიხეილ სააკაშვილს ხომ ამდენი შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ლამაზად არ ჩანდა, როგორც მოექცენ. ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ქვეყნის სახეა და სხვა ქვეყნების თვალში ცუდად გამოჩნდა, ვფიქრობ, ასე უდიერად არ უნდა მოქცეოდნენ… ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, ჩვენს ქვეყანას მეტისმეტად აზიანებს… კარგია, მთავრობამ რომ დათმო, თორემ ციხის საავადმყოფოში აუცილებლად დაიღუპებოდა და ბეწვზე გადაურჩა ქვეყანა დიდ არეულობას. საშინელი ამბები დატრიალდებოდა!
ისედაც ქვეყანაში ტოტალური გაჭირვებაა… ყოველდღე ძვირდება ის, რაც გაჭირვებულ ხალხს ყოველდღიურად სჭირდება – წამალი, კვერცხი, შაქარი, ზეთი, ბურღულეული… ალბათ, კიდევ უფრო გაძვირდება და წინ ზამთარია. მთავრობამ მაგაზე უნდა იფიქროს, უპირველესად, ალბათ, ფიქრობენ კიდეც, მაგრამ საითკენ მიდის ეს ქვეყანა, მე ვეღარაფერი გავიგე!” – ამბობს მსახიობი.