თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, თქმით ქართული ოცნებისგან მისხალი აღარ არის დარჩენილი, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთბდეს მთავრობაში. ამის შესახებ ხიდაშელმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“მისხალი აღარ არის დარჩენილი ოცნების მოქმედებებში იმის, რასაც სინამდვილეში ხელისუფლებაში ყოფნა უნდა ემსახურებოდეს… ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდან, რომლითაც დაკავებულია საქართველოს ხელისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბიუჯეტს არ ამტკიცებს პარლამენტი ან საკრებულოები, ავტომატურად გრძელდება და მოქმედებს წინა წლის პარამეტრებით. ეს პრობლემა, რომ, ვთქვათ, ქალაქი ან რეგიონი ბიუჯეტის გარეშე დარჩებოდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.
კარგი, წელს ამ ხრიკს მიმართეს და აბსოლუტურად უზნეოდ მოიქცნენ, მაგრამ 2022 წლის დეკემბერიც ხომ დადგება. მერე რა უნდა მოხდეს, ვის უნდა მიაღებინონ ბიუჯეტი, თუ ჰგონიათ, რომ უმრავლესობა ისევ მათ ექნებათ? აბსურდში არიან, ამიტომ ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში არის უკიდურესად მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სიარული, იმ წუთიერი ემოციის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის გაგრძელებაც არც ოცნების ლიდერებს, არც მათ მხარდამჭერებს და არც მათ მთავარ ლიდერს აქვს დანახული”,- ამბობს ხიდაშელი.