საწვავის და, ზოგადად, ენერგომატარებლების ფასი ყოველთვის მნიშვენლოვან სოციალურ საკითხს წარმოადგენს.
ამჟამად საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინი 3.05-3.15 ლარის ფარგლებში იყიდება.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საწვავის ადგილობრივი ღირებულება 46%-ით არის გაზრდილი, რასაც გარკვეული სოციალური პროტესტიც მოჰყვა. მომხმარებლის საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი გიგილაშვილი აცხადებს, რომ ფასები შემცირდება თუ სახელმწიფო აქციზის განაკვეთს შეამცირებს, რეალიზატორები კი – საკუთარ მოგების მარჟას.
“ამ ეტაპისთვის შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ფასი 2.50-2.70-მდე შემცირდეს, ეს უნდა მოხდეს როგორც საწვავის აქციზის შემცირებით, ასევე კომპანიების მხრიდანაც უნდა შეიცვალოს მოგების მარჟა და ის უნდა შეამცირონ. იმ ფასად უნდა იყიდებოდეს საწვავი, რა ფასადაც ტენდერით მთავრობას აწვდიან ბენზინს. ცნობილია, რომ ტენდერის დროს აქციზისგანაც თავისუფალი არიან კომპანიები, მაგრამ რომც დავუმატოთ აქციზის ფასი, მაინც არ გამოდის ის ფასი, რა ფასითაც ხდება მომხმარებელზე საწვავის მიწოდება,” – ამბობს გიგილაშვილი.
თუმცა ამ განცხადების ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ტენდერით მიწოდებული საწვავის აქციზისგან გათავისუფლებას ეხება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც კომპანიები მთავრობისთვის საწვავის მიწოდების დროს აქციზის გადასახადისგან არ თავისუფლდებიან.
bm.ge