2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1,198 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით გაიზარდა და 884.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (189.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (146.1 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (98.3 მლნ აშშ დოლარი).
2021 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 264.1 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 111.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 66.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტი).
Top-10 პროდუქტი, რომელიც 2021 წლის 4 თვეში საქართველომ უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 261,1 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან 22,3%)
- ფეროშენადნობები – 111,4 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან – 21,5%)
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 66,7 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან 20,4%)
- მინერალური და მტკნარი წყლები – 41,7 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან – 11,9%)
- აზოტოვანი სასუქები – 36,5 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან – 0,2%)
- თხილი და სხვა კაკალი – 29,7 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან – 103%)
- სპირტიანი სასმელები – 29,3 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან – 23,3%)
- ტრიკოტაჟის ნაწარმი – 23,1 მლნ დოლარი – (ზრდა წინა წელთან – 104,6%)
- ოქრო – 18,7 მლნ დოლარი (კლება წინა წელთან – -36,4%)
- ძვირფასი ლითონების ნარჩენები და ჯართი – 15,4 მლნ დოლარი (ზრდა წინა წელთან – 249,7%)