ყავის გლობალურმა ფასმა 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია – როდემდე გაგრძელდება გაძვირება

ყავის გლობალურმა ფასმა 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე დაძაბულობა 2023 წლამდე გაგრძელდება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

სავაჭრო სესიაზე ერთ ფუნტ ყავაზე დეკემბრის მიწოდების კონტრაქტები 2,34 დოლარით დასრულდა, ხოლო ნიუ-იორკის Intercontinental Exchange-ზე ყავის ფიუჩერსებმა 2,46 დოლარს მიაღწია, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. 2011 წელს ფუნტ ყავაზე ფასმა 3 დოლარს გადააჭარბა.

ამასთან, ყავის საერთაშორისო ასოციაციის საორიენტაციო ფასმა ფუნტზე 2,07 დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 85%-ით მეტია.

Saxo Bank-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელის, ოლე ჰანსენის თქმით, ბრაზილიაში ბოლოდროინდელი უამინდობა როგორც მიმდინარე წლის ბოლოს, ისე 2022 და პოტენციურად, 2023 წელსაც კი გავლენას მოახდენს მოსავლიანობაზე.

„ჩვენ ვნახეთ ფუნტ ყავაზე ფასის, დაახლოებით, 3 დოლარამდე ზრდა 2011 წელს, რაც, ასევე, ბრაზილიის კლიმატურმა საფრთხეებმა გამოიწვია. დღევანადელი ფასებიდან გამომდინარე, ამ დონეს შესაძლოა, კიდევ ერთხელ მივაღწიოთ. ბრაზილიის კლიმატური ცვლილებების, ასევე, მომავალ თვეებში წარმოების შენელება-შემცირებაზე პროგნოზების გათვალისწნებით, ყავის კიდევ უფრო გაძვირების რისკი მეტად რეალურია,” – აცხადებს ოლე ჰანსენი.

მისი თქმით, ყავის ბაზარზე უამინდობის გარდა, მიწოდების გლობალურმა შეზღუდვებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან მწარმოებლები და ყავის გადამუშავების კომპანიები, რომლებიც მოსავალს პროდუქტად აქცევენ, ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში არის განლაგებული. ბაზრის გაურკვევლობა, ასევე, გამოწვეულია ექსპორტიორი ქვეყნების არასტაბილურობით, როგორიც არის, მაგალითად, სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფი ეთიოპია და მაღალი კოვიდეპიდემიის მქონე ვიეტნამი.

„ყავის ბაზარზე მრავალი წლის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები პირველად ფიქსირდება,“ – ამბობს ჰანსენი.

ევროპული ყავა Marex-ის გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორის, მაქსიმილიან კოპესტეიკის თქმით, ყავა „ფასთა უზარმაზარ რბოლაშია ჩართული, რაც, ძირითადად, ტვირთების გადაადგილებით არის გამოწვეული“.

„ბოლო ხუთიდან რვა წლის განმავლობაში, ჩვენი მიწოდება კონცენტრირებულია ყავის ერთ ან ორ დიდ მწარმოებელ ქვეყანაზე. მათგან ერთი ბრაზილია, მეორე კი ვიეტნამია. თუ ამათგან ერთი, ან ორივე დაზარალდა, რასაც ვხედავთ კიდეც, ბაზარი სწრაფად გიჟდება. მიწოდების დეფიციტმა კი მხოლოდ გააუარესა მანამდე არსებული ისედაც დაძაბული ბალანსი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია,“ – განუცხადა CNBC-ის მაქსიმილიან კოპესტეიკმაა.

მისი თქმით, ყავის წარმოებას ფასის ცვლილებაზე რეაგირებისთვის, დაახლოებით, ორი წელი სჭირდება და მაღალი, არასტაბილური ფასები მომავალშიც შენარჩუნდება.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share