”რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი,”- ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულების შემდეგ განაცხადა.
“დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები. მე პირადად, 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. შვიდჯერ ზეთისცხება, ასე უფროა ხალხისთვის ცნობილი. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური მკურნალობა, განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს. ლოცვებში ეს ორივეა, ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული – ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. მე ღრმად მწამს, რომ ძალიან კარგად იმოქმედებს ეს მის ჯანმრთელობაზე, რადგან ბევრი ექიმისგან გამიგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ არის კონტაქტური, თუ ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს საიდუმლოება განსაკუთრებით რეანიმაციაში სრულდებოდა ხოლმე, ყოველთვის იყო შედეგი და ამან ჩემი რწმენა გამიძლიერა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საიდუმლოება მისთვის შემესრულებინა. შევედი, მოვინახულე, ის ორი საათი ესწრებოდა ამ ლოცვებს და ვაცხე ზეთი“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დასუსტებული მოეჩვენა.
„მე არ მაქვს არავითარი კომპეტენცია, რომ რაიმე ხელმოსაჭიდი…მაგრამ მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა. მე გავაკეთე საქმე. შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე. არის განცდა, შეგრძნება უბრალოდ, რომ დასუსტებულია ადამიანი, არ ვიცი, მედიცინაშიც ვერ ვერკვევი მაინც და მაინც, მგონია, შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად სუსტად არის, მე ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს.
მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე შესრულებულია, მეეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა“, – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.