პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის წინ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები.
ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან აპირებს საუბარს მასზე, როგორც პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლზე და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ქვეყანაში “შურისძიების ციკლის” დასრულებაა.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვინახულო, გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი – შურისძიების მსხვერპლი და ობიექტი – ეს არის ძალიან დიდი გარდა ადამიანური, ასევე, პოლიტიკური პრობლემისა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, შევძლებთ ამაზე საუბარს.
რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს არის შეურაცხყოფა იმ აუცილებელი კითხვებისა, იმ ადამიანებისაც, ვისი უფლებებიც შეილახა და ვისაც ლეგიტიმური კითხვები გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ეს არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლიდანაც მოგებული არავინ და ვერავინ ვერ იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ამოცანა, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და დავასრულოთ შურისძიება და მე ვფიქრობ, რომ ამოცანა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც არის არა საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ, ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება”,- თქვა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის წერილსაც გამოეხმაურა ეროვნულ შერიგებაზე და თქვა, რომ ეროვნული თანხმობა არის დიდი ამოცანა, რომელსაც ის რიგგარეშე არჩევნების გარეშე და პოლიტიკური პატიმრების პირობებში ვერ ხედავს.