”ადამიანი რომ აღარ ფიქრობს, აღარ ოცნებობს ის ადამიანი აღარაა”-94წლის მსახიობი ოზურგეთიდან

გაბრიელ მდინარაძე გახლავართ, დავიბადე 1928 წელს ამ ეზოში, ამ სახლში, 94 წლის ვარ. რომ მეკითხებიან სადაური ხარო ვაკიჯვრელი მეთქი ვპასუხობ დაუფიქრებლად, ისე აქაურობა ფამფალეთს ეკუთვნის.
დედა, თამარ თალაკვაძე მთისპირიდან იყო. მამა პლატონ მდინარაძე გახლდათ, ცნობილი აგრონომი იმდროისათვის. ნატანების კოლმეურნეობაში მსახურობდა, მერიაში, ძიმითში, ვაკიჯვარში, ფამფალეთში ბევრგან აკეთა თავისი საკეთებელი საქმე.
ბებია ასპირო არობელიძე ბოხვაურიდან იყო, ათი შვილი ყავდა. ექიმბაში იყო, ცნობილი მაშინდელ გურია აჭარაში, ყველა ცნობდა და აფასებდა. 1852 ში იყო დაბადებული, ზუსტად ასი წელი იცხოვრა. მცენარეები ქონდა დარგული ეზოში, გაშენებული და იყენებდა წამლების გასაკეთებლად, აქამდე შემორჩა ზოგიერთი. ბებიაზე აპოლონ წულაძე თავის “ეთნოგრაფიულ გურიაში” სწერს. სახლში ჰქონდა ლაზარეთი, საიდან არ მოდიოდენ, ციგნებიც მახსოვს მოვიდოდენ, ზოგს მოტეხილი ქონდა ზოგს რაი და ზოგს რაი, კუჭნაწლავის ამბვებს არჩენდა, დამწვრობის მალამოს ამზადებდა, ნერვებაშლილ ადამიანს შველიდა და რას არა.. ბებია ტანად დაბალი იყო, ლამაზი, ლამაზი მეტი არ იქნებოდა ისეთი, უნაზესი, ულამაზესი ხელები ქონდა, ხელს მოკიდებდა ავადმყოფს და მოარჩენდა, ძლიერი, ძლიერი თუ სულიერად თუ ფიზიკურად, სხვანაირი უნარიანი იყო, ყველა გიჟდებოდა და ენდობოდა ბებიას. ვაჟებმა ყველამ ისწავლა, ყველა ნაკითხი და განათლებული იყვნენ. ერთი ბიძა რევოლუციენორობდა დათიკო შევარდნაძესთან მეგობრობდა. მამა კომუნისტებს ვერ იტანდა, არ გამოხატავდა მარა ვერ იტანდა.
ბახვის სკოლა დავამთავრე, 1947 წელს. მაშინ ჩვენს სოფელში არ იყო საშუალო. მასწავლებელი ალექსანდრე ინწკირველი გვყავდა მახსოვს დღემდე, მომღერალი გუნდი შექმნა და ამღერებდა ხალხს, მეც იმან მასწავლა სიმღერა. ძმები სალუქვაძეები ჩვენი სოფლიდან არიან, იმ დროს ყველა მღეროდა თითქმის ყველა ოჯახში გაიგონებდი გურულ სიმღერას.
მამიდები სამი თბილისში მყავდა, ბინა არ მეშლებოდა, თეატრალურში მინდოდა, მამა ჩემს აგრონომობაზე ოცნებობდა. არ დავუჯერე, შევედი იურიდიულ ფაკულტეტზე, ორი წლის მერე გამოვიტანე საბუთები და შევიტანე თეატრალურში, არავისთვის, სულ არავისთვის არ მიკითხავს ისე. პედაგოგები ვინ იყვნენ გეტყვით და მიხვდებით ბევრ რამეს, ლილი იოსელიანი, დიმიტრი ალექსიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა.. ახლა ჯგუფელებს არ იკითხავთ? ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, ნოდარ ჩაჩანიძე რომელიც წავიდა ჭიათურაში რავარც მე წამოვედი ოზურგეთში, ირაკლი უჩანეიშვილი, ვახტანგ ბებურიშვილი, ლია ელიავა. მეტყველებას გვასწავლიდა ნინელი ჩიქოვანი და ბაბულია ნიკოლაშვილი. არვიცი თუა კიდევ ისეთი მასწავლებელი სადმე დედამიწაზე. ღამეებს ვათენებდით მაშინ მასთან სახლში, იშვიათი იყო ხმის ჩამწერი, მას ჰქონდა, ჩაიწერდა, გვამეცადინებდა, უვახშმოდ არ გამოგვიშვებდა, ბედნიერების წლები იყო. სტუდენტობისას საჭმელით სოფლიდან გვეშველებოდენ, სტიპენდია გვქონდა, მშიერი არ ვიყავით, მაგრამ არც ზედმეტი გვქონდა რამე. მერე და მერე გაუმჯობესდა ცხოვრება, გაჩნდა პროდუქტიც და სახსარიც.
დავამთავრე თეატრალური ინტიტუტი და დავბრუნდი უკან ოზურგეთში, არ მინდოდა არსად აქაურობის გარდა.
ოზურგეთის თეატრში დავიწყე მუშაობა, ბინაც თეატრმა მომცა. ჩემი კარების წინ ცხოვრობდა უკრაინელი გოგონა ლამაზი, ლამაზი, შემიყვარდა, დავქორწინდით. ქორწილი ამ სახლში გვქონდა, ასი კაცი იქნებოდა წვეული. ქალ-ვაჟი შეგვეძინა. ქალიშვილი ჩემთან ერთად მუშაობს ახლაც თეატრში, ნიჭიერია, მან დამირეკა თქვენ რომ უნდა მობრძანებულიყავით. ვაჟიშვილი ჩაბარებას აპირებდა, ნიჭით და ბევრი სხვა უნარით იყო დაჯილდოვებული, გარდამეცვალა, ტრაგედია, ენით აუწერელი ტრაგედია..
1868 წლიდან ოზურგეთში არის თეატრი.
თბილისიდან დაბრუნებულმა ვნახე პირველი სპექტაკლები, არ მქონდა მოლოდინი რომ რაიმე საინტერესოს ვნახავდი, სულ არ აღმოჩნდა ასე, მშვენიერი სპექტაკლები დამხვდა, მსახიობები მოწოდების სიმაღლეზე. ძველი თეატრია, გემრიელი, ხის, პატარა, ძალიან მოხერხებული, ფეხის ძალით ვატრიალებდით სცენას. მე რომ ჩამოვედი ეს ჩვენი დიდი თეატრი ხარაჩოებში დამხვდა, შენდებოდა. ამ ახალ თეატრში გადმოსვლა იყო ბედნიერება, ნამდვილი ბედნიერება. სასწაული შენობაა, ბრწყნვალე, თუ მსახიობისთვის, თუ მაყურებლისთვის, უკეთესს ვერ ინატრებს კაცი. თეატრის შენობა უნიკალური და ძალიან საინტერესოა.
გასინჯვაზე და პრემიერაზე სულ მეპატიჟებიან, კრიტიკის გამოთქმასაც არ მოვერიდები თუ ამის საჭიროებაა, შესაქებს შევაქებ რათქმაუნდა. ქალაქში ვეღარ ვჩერდები, შესანიშნავი ბოსტანი მაქვს და ვმუშაობ ჩემს ეზოში, ყველაფერი მომყავს. ზამთარშიც არ მივდივარ ხშირად, თოვლმა თუ მომისწრო დავრჩები, შეშაც მაქვს მომარაგებული. ნათესავები აღარავინ აღარაა, მეზობლები მყავს და არ დამტოვებენ მარტო თუ კი იციან რომ აქ ვარ მოდიან საღამოობით.
ადამიანი რომ აღარ ფიქრობს, აღარ ოცნებობს ის ადამიანი აღარაა. ოცნებაში ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, ზოგჯერ მიოცნებია და ის ოცნება ამიხდენია კიდეც, ზოგჯერ ვერა და დარჩენილა ისე ფიქრად. უწინ ფეხით დავდიოდი სულ, ხშირად აქიდან ოზურგეთში ფეხით ჩავსულვარ, მანქანის ქონის სურვილი არასდროს არ მქონია. მოტოციკლეტი მქონდა ერთხანს. მარტოობას მიჩვეული ვარ და თუ მთლად გულწრფელად გეტყვით ცოტა მომწონს კიდეც. ვარ ჩემდა ვტრიალობ ეზოში ჩემთვის.
დარდი დიდი მაქვს, მშობლების დაკარგვა დარდია, მშობლებს რას ვჩივი შვილის დაკარგვით მიღებული დარდი დიდია, მეტისმეტად დიდი. რომ გინდა რამის გაკეთება და შესაძლებლობა არაა თუ ფიზიკური თუ ფინანსური დარდია ისიც. შინაური, გარეული ყველა და ყველაფერი დარდია.
სპექტაკლებში ახლაც მეძახიან, მიხარია. 68 წელია სცენაზე ვდგავარ. წინათ 4, 5 პრემიერას ვთამაშობდი სეზონზე. დუმბაძის ბევრი პერსონაჟი მაქვს ნათამაშები. ბოლო სპექტაკლში კოწია ფოსტალიონი ვითამაშე. ახლაც აპირებენ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებას და იმათაც დამპატიჟეს.
თუ რამე ჯილდო არსებობს, სიგელი ყველაფერი მაქვს მიღებული, მადლიერი ვარ რათქმაუნდა. ალბათ სხვაგან რომ დავბადებულიყავი უკეთსად ვიცხოვრებდი, მაგრამ ვინ იცის?! არ ვჩივი, გითხარით კიდეც, კმაყოფილი და მადლიერი ვარ.
გული მომივა ხან, სხვას არ გავუწყრები უფრო ჩემს თავზე მომდის გული. სხვისთვის არასოდეს, შემიძლია დავიფიცო არასოდეს გული არ მიტკენია. მივდივარ ჩემდა ფეხით, შემომხდება ვინმე, მკითხავს სა მიხვალ? გავიფიქრებ, რა შენი საქმეა სა მივალ და რა მინდა მარა ხომ არ ვეტყვი? გევიარ და წავალ.
მარტოობა მიყვარდა ახალგაზრდობაშიც და ახლაც ასე ვარ. დევიჭერდი წალდს და დილიდან დაღამებამდე ვიხეტიალებდი ტყეში, ღრეში არ მომწყინდებოდა ისე. არ დევიღლებოდი, ჯოხს დევიბჯენდი და დავდიოდი. გულჩვილი არცაროის არ ვყოფილვარ, ახლა გული მიჩუყდება, ცრემლი მდის ხან პატარა ემოციურ ამბავზეც ამიცრემლდეა თვალები, აქამდე არ იყო ასე.
ბოლო დროს არ მეჩვენება მგონია, ადამიანმა დაკარგა სიხარული, ემოცია, აღტაცების უნარი დაკარგა. უბრალო, პატარა რამით შეიძლება ხარობდეს კაცი სინამდვილეში, თუ მკითხავთ ნიჭია სიხარული, გახარება თუ შეგიძლია ნიჭიერი ხარ. დამცინებს ალბათ ვინმე, აი რათქვაო მარა ასე მგონია.
ცხოვრება იოლი არცერთი არაა, ცხოვრებას მისი კანონები და წესები აქვს, ხანდახან რთული მარა აუცილებლად გასაკეთებელი. იოლად არავინ არ ცხოვრობს, ეს ჩვენ გვგონია ასე რომ სხვა იოლად ცხოვრობს.
თავისუფლებას სჭირდება ფარგლები, ჩემი არჩევანი, საკუთარ თავზე ჩემით აღებული პასუხისმგებლობაა თავისუფლება. არასწორადაა გაგებული ხშირად, რასაც მინდა გავაკეთებ, როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ არაა თავისუფლება. ზნეობის ფარგლებში უნდა იყოს გაგებული თავისუფლება. უმეტესად არ იცის ადამიანმა რა უნდა, ესაა უმთავრესი პრობლემა. უპირველესი რაც ადამიანმა თავის თავთან უნდა გაარკვიოს არის, რა უნდა, რა ანიჭებს სიხარულს, რა აძლევს სიამოვნებას, რით ხარობს, რისი კეთება უნდა სინამდვილეში.
ჩვენი პატარა ქვეყანა, ეს ჩემი მოქარგული კუთხე, ჩემი სოფელი, ჩემი ხალხი ნამდვილად უკეთეს ყოფას იმსახურებს და მინდა ისე არ წავიდე ამ ცხოვრებიდან წელში გამართული არ დავინახო, სწორ გზაზე დამდგარი მაინც მინდა ვიყოთ თუ ფონს გასული ვერა. იმედით ვარ, თქვენც ნუ მოგიშალოთ გამჩენელმა იმედი. ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, გეგმებიც მაქვს და საკეთებელიც ბევრი. ორი ჩემი ხნის მოიყარეთ, სულის მხნეობას გისურვებთ.
მთხრობელი: გაბრიელ მდინარაძე 94 წლის.
ოზურგეთი, ვაკიჯვარი, ფამფალეთი.
2021 ივლისი.
გარდენიაშევარდნაძე
ფოტო ზაქარია ჭელიძე
ხმა საარქივედ ჩაწერა ხატია მაღლაკელიძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share