“ქართულ ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადება “არასწორი” და “არასამართლიანია”.
კობახიძის თქმით, 2021 წლის არჩევნებზე ცესკომ დაამტკიცა, რომ მას არჩევნების ჩატარება უპრობლემოდ შეუძლია.
“მე მგონი, ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რაშიც არის დამსახურება ცესკოს თავმჯდომარის და მისი თითოეული წევრის. მით უმეტეს ამის გათვალსიწინებით მე ეს შეფასება არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი”,-თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას ძირს უთხრის.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ ერთი “არასაჭირო ნაბიჯია”, რომელიც დაშორებულია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.