”უძრავი ქონების დიდი ნაწილი აფხაზეთში უპატრონოდაა მიტოვებული. 250 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის პირადი ქონება მიწის და შენობა-ნაგებობების სახით რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. თუმცა, გაცილებით მეტი ფასი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწას და საბჭოთა პერიოდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ექნება. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება პრივატიზაციის პირველი ტალღა დავინახოთ, რითაც, პირველ რიგში, რუსული ბიზნესი და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ეკონომიკური აქტორები იხეირებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიას” – ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებული განცხადების მცირე მონაკვეთია, საიდანაც ვიგებთ, რომ აფხაზეთში, მიწების და იმ ქონების რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისება იგეგმება, რომლის დატოვებაც ქართველებს ომის დროს მოუწიათ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, არ ეთანხმებიან მათივე დე ფაქტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
“ამ პერსპექტივას აფხაზეთში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ამჟამინდელი დე ფაქტო მთავრობის ოპოზიციაში მყოფი ძალები ღიად საუბრობენ, რომ ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია აფხაზეთიდან დევნილ ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, აფხაზეთში საკუთრების შეძენის შესაძლებლობას მისცემთ. ამ ნახევრად ოფიციალური არგუმენტის გარდა, აფხაზეთში შიშობენ, რომ რუსების დიდი მასის მიერ აფხაზეთში საკუთრების შეძენა, უკიდურეს უმცირესობაში მოაქცევს ადგილობრივ ეთნიკურ აფხაზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, აფხაზეთის მოქმედმა დე ფაქტო მთავრობამ ინდივიდუალური წესით ქონების გასხვისება დაიწყოს. უფრო სავარაუდოა, მან მსხვილი საკუთრება გადასცეს რუსულ ბიზნესს თუ სახელმწიფოს”, – აცხადებენ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტში.