“ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო, ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, მათივე განცხადებით, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა.
“ამავდროულად, დღეს არსებული საჭიროება, რაც ცალსახად იკვეთება და რაზეც მიუთითებენ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო აქტორები, არის სამსახურის შემდგომი გაძლიერებაა. კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე. სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებში და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშებში.
ამასთანავე, ინსპექტორი, საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებდა იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამ მიზნით, მან ვრცელი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებამდე რამდენიმე საათით ადრე”, – აცხადებენ NGO-ები.
მათი განცხადებით, მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას.
“ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. სამსახურმა შეისწავლა ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, ასევე მწვავედ გამოეხმაურა სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებას”, – წერია განცხადებაში.
NGO-ების თქმით, უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის.
ხელმომწერები ორგანიზაციები:
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- საფარი
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- უფლებები საქართველო
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
მას ორი უწყება ჩაანაცვლებს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.
ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ გუშინ მედიიდან გაიგო.