“ყველა კარი აქვს ღია. მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას, – ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შესახებ საუბრობს. ამბობს, რომ იცის, რამდენად პროფესიონალი და გამოცდილი კადრია თოლორაია და მას სამსახურს საჯაროდ სთავაზობს.
“შემიძლია, ქალბატონ ლონდას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ არის ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური კადრი. მანამდე, თუ არ ვცდები, მუშაობდა პროკურატურაში, შემდეგ პოლიციაში. თუ მას აღარ მოუნდება ერთი ან მეორე სამსახურის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ყველა კარი აქვს ღია. მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ყველაფერი პიროვნული უნდა გამოირიცხოს, მთავრობას, პარლამენტს გვაქვს ჩვენი ხედვა და ამ ხედვას მივყვებით”, – ამბობს ღარიბაშვილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ირკვევა, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.