რამოდენიმე დღის წინ, იუტას შტატში ნაპოვნი იდუმალებით მოცული ვერცხლისფერი მეტალის ობელისკის ისტორიამ გაგრძელება მიიღო – ის მოულოდნელად გაქრა! უფრო მეტიც, მისი მსგავსი ობიექტი უკვე სხვა კონტინენტზე, ევროპაში, კერძოდ კი, რუმინეთში იპოვეს, ქალაქ პიატრ-ნიამცის ერთ-ერთ რაიონში.
ისევე როგორც “ამერიკელი თანამოძმე”, მისი სიმაღლეც 4 მეტრია და ჭრილში სამკუთხედის ფორმისაა, შესრულებულია პრიალა მეტალისგან, თუმცა “ამერიკელის” ზუსტი ასლი არაა.
ამ დროისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა, ან ვინ და რისთვის დადგა ობელისკი. ადგილობრივი ძალოვნები კი ამ დრომდე ცდილობენ დეტალებში გარკვევას.
იუტაში მდებარე ობელისკი კი მართლაც უკვალოდ გაქრა – ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არაფერი იციან და მათთვის უცნობია თუ სად წავიდა, ან ვინ წაიღო ობიექტი, მათი თქმით, ამაში “მესამე მხარეა ჩარეული”.
ადგილობრივმა პოლიციამ თავის მხვრივ უარი განაცხადა მომხდარის გამოძიებას იმ მოტივით, რომ “დაკავებულნი არიან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით”.
აღსანიშნავია, რომ აეროფოტოგადაღებებზე დაყრდნობით, ობელისკი იქ 2016 წლიდან იდგა.