მერი სიტყვიერ დაპირისპირებას მოქალაქესთან ადასტურებს თუმცა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს
ჩოხატაურის მაცხოვრებელი ტატო ვასაძე ირწმუნება რომ მერმა მას ჯერ აგინა, შემდეგ კი სცემა და ბოლოს მოსდევდა და ემუქრებოდა კიდეც.
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ობიექტური რეალობა იყო ასეთი, 23 ნოემბერს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩარჩნენ ბახმაროზე დიდთოვლობის გამო, ჩვენ ვაწარმოებდით სამაშველო ღონისძიებას და შესაბამისად გადაადგილდებოდა მძიმე ტექნიკა სოფელ ჩხაკაურასთან. გასართობად ჩხაკაურაში ასული მოქალაქეების უკუსვლის რეგულირება ხდებოდა. ერთ-ერთი მანქანა სავალ ნაწილზე იყო გაჩერებული, მას მისცეს შენიშვნა რომ მალე დაეცალა გზა რომ მძიმე ტექნიკას გადაადგილების საშუალება ჰქონოდა. მან ამის ნაცვლად დაიწყო ლანძღვა, ამბობდა რომ არ აინტერესებს ვინ სად ჩარჩა, მისი მანქანა ძვირიანია და ვერ გაფხაჭნიდა, ამას შევესწარი მე. თქვენ განსაჯეთ, დღეს არის 1 დეკემბერი, რომ რამე სერიოზული ყოფილიყო, ან თვითონ განაცხადებდა ყოფილი პოლიციელია, ან მე განვაცხადებდი. ასე რომ ეს არის სიცრუე. ასეთი საქციელი აღმაშფოთებელია, როცა ხალხი ჩარჩენილი იყო ბახმაროში, მათ შორის ბავშვები, უსულგულობაა ამის გამოვლინება და ამას მოყვა აღშფოთება, მათ შორის ჩემი. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, არ შემიგინია, ჩავლილი მანქანა გააჩერა და დაიწყო ლანძღვა ჩვენი მისამართით. ეს იყო სულ. გამოვრიცხავ ყველანაირ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას და მუქარას” ამბობს კუჭავა.
ტატო ვასაძე: ჩოხატაურის მაცხოვრებელი:
“მოვდიოდი ბახმაროდან, იყო საცობი. ტექნიკა მოყავდათ, გზა იყო ისე ვიწრო, იქ ვერ გაივლიდა მანქანა ჩქარა. ვიღაცა იდგა სიბნელეში და უხეში ტონით მიყვიროდა წამოდი ჩქარა, მე მივაძახე რომ ჩქარა ვერ ვიმოძრავებდი დაზიანდებოდა „ბუფერი“ ან რამე. მოვიდა ახლოს და შემაგინა დედა. მე ვუთხარი გამგებელი ხარ და როგორ მელაპარაკები, გამგებელი ხარ თუ ძველი ბიჭი მეთქი. გააგრძელა დედის გინება, არც ვმალავ მეც ვაგინე. მომიბრუნდა მეორე მხრიდან, დამარტყა ხელი, მერე ჩაერივნენ ვიღაცეები. ჩავჯექი მანქანაში, ფეხით მომსდევდა, უნდა გაგაფარჩაკოო. ყველაზე წმინდა რაც არის ჩემთვის, შეეხო ჩემს დედას. სახელით და გვარით, ძალიან ცუდად შეეხო იმას, რაც ყველაზე წმინდა გამაჩნია, თან იმდენი ხალხის თანდასწრებით. ვეუბნებოდი, ბატონო ირაკლი, თქვენ ბრძანდებით საჯარო მოხელე, თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, არ გრცხვენიათ როგორ იქცევით მეთქი. იმ სიტყვებს არ გავიმეორებ როგორ მაგინა. მემუქრებოდა არ გაგახარებო. დავჯექი მანქანაში და წამოვედი, 50 მეტრი მომდევდა მუქარით, არ გაგახარებ, ნახე რას გიზამო. მე წამოვედი, ჩამოვედი.
სამართალდამცავებისთვის არ მიმიმართავს, ველოდებოდი დამიკავშირდებოდა და ბოდიშს მოიხდიდა.
არანაირი უთანხმოება ადრე, ან ოჯახებს შორის არაფერი ყოფილა არასოდეს. რატომ მოიქცა ეს კაცი მაშინ ასე, არ ვიცი. თუ მსგავსი ინციდენტი კიდევ განმეორდება, მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს” ყვება ვასაძე.