“გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის იგივე გლდანის ციხე”- ნიკა გვარამია

“ველოდები ძალიან  მკაფიო განცხადებებს,  მათ შორის სალომე  ზურაბიშვილისგან, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ან რეფერალურ კლინიკაში ან ქვეყნის გარეთ”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

გვარამიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის იგივე გლდანის ციხე.

„მიხეილ სააკაშვილი, არა თუ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც ჯანმრთელად არ არის. ეს ჰოსპიტალი არის იგივე გლდანის ციხე.  სააკაშვილის უნდა იყოს გადაყვანილი ჰოსპიტალში ან რეფერალურ კლინიკაში, ან საზღვარგარეთ, იქნება ეს უკრაინა, თუ სხვა ქვეყანა, მნიშვნელობა არ აქვს.

ესენი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ვაჭრობას იწყებენ,  ან სააკაშვილის სიცოცხლე, ან ოპოზიციის გაჩუმება და იმ კანონპროექტების  მიღება, რომლითაც ყველაფერი უქმდება, რაც ამ ქვეყანაშია.

რაც აქ ხდება, ეს არის ალიყურის გარტყმა სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციაზე. ველოდები ძალიან  მკაფიო განცხადებებს სახალხო დამცველისგან, ყველა დანარჩენისგან, მათ შორის სალომე  ზურაბიშვილისგან, რომ რეაბილიტაცია აქ არის შეუძლებელი და სააკაშვილი უნდა გაიყვანონ ან რეფერალურ კლინიკაში,  ან ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში სცადეს. მესამე პრეზიდენტთან ბადრაგები შევიდნენ და მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ კლინიკიდან გაწერილი იყო, რასაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, – ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია CNews-მა გაავრცელა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share