მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი თავს კარგად გრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას. ინფორმაცია ჭყონდიდის ეპარქიის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის – ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას.
სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით.
მეუფე თავს კარგად გრძობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას.
მეუფის სახელით მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია მიტროპოლიტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმების ვარაუდით, ის საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.