საბერძნეთში ახალი წლის ღამეს ქართველი „კანონიერი ქურდი“ 56 წლის ჩირო შონია, იგივე “ჩირო გალსკი” გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.
საოკუპაციო რეჟიმის მედიამ, “აფხაზეთი-ცენტრი” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “კანონიერი ქურდი” გალში დღეს უნდა დაეკრძალათ. გამოცემის ცნობით, ჩირო შონიას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა გადაესვენებინათ, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები ენგურის ე.წ გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან მიმდინარეობდა.
საბერძნეთში დაღუპული ქართველი კანონიერი ქურდის ჩირო შონიას შესახებ ბოლო ცნობები გამოცემა ekhokavkaza გაავრცელა და დაწერა, რომ კანონიერი ქურდის ოჯხის წევრები და ნათესავები ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია მილიცია.
“მანამდე ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ნებართვას არ იძლევა კრიმინალური ავტორიტეტის ცხედრის გადასვენებას ენგურის ხიდზე გალში დასაკრძალად. არსებული ინფორმაციით, ამან „აფხაზი კრიმინალების აღშფოთება გამოიწვია“. ამის შემდეგ AMRA-life Telegram-ის არხმა დაწერა, რომ ცხედრის ტრანსპორტირების ნებართვა გაიცა” – წერს Ekhokavkaza.
აღსანიშნავია, რომ კრიმინალური ავტორიტეტი – ჩირო შონიაა, ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ნათესავია.
არსებული ინფორმაციით, შონია ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ცხოვრობდა და სიგარეტის კონტრაბანდით იყო დაკავებული. კრიმინალური ავტორიტეტი, ხულიგნობის, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ქურდობისთვის ათჯერ იყო ნასამართლევი.
ე.წ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩირო შონიამ 1992 წელს მიიღო.