„მალე ალბათ სამოქალაქო საქმეებს ჩაცუცქულები გაარჩევენ“ – მოსამართლეების გარეშე დარჩენილი გურია

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ფაქტობრივად მოსამართლეების გარეშეა დარჩენილი.

ამ ეტაპზე გურიის მასშტაბით მხოლოდ ორი მოსამართლე მუშაობს, ნაცვლად შვიდისა, რამაც ადვოკატების განცხადებით, რეგიონი ფაქტობრივად მართლმსაჯულების სივრციდან გაიყვანა.

მოსამართლეების სიმცირის გამო ათეულობით საქმე ფაქტობრივად თაროზე შემოიდო. უფლებადამცველებს კი,  დაგროვილი საქმეების გამო მათი დაცვის ქვეშ მყოფები  საყვედურობენ.

რამ გამოიწვია გურიაში მსგავსი ჩიხური სიტუაცია და რატომ არაფერს აკეთებენ შესაბამისი ინსტიტუციები იმისთვის, რომ პრობლემა მოიხსნას, „გურიის მოამბე“ რამდენიმე ადვოკატს ესაუბრა და მათი შეფასებები მოისმინა.

 

დავით მამალაძე, ადვოკატი: „მთელი ქვეყანა სულს ღაფავს ოლიგარქიული დიქტატურის ქვეშ. ხუთი მოსამართლიდან ორია დარჩენილი, ერთი საპენსიო ასაკისაა და ამბობენ, რომ აგვისტოდან ხელშეკრულება უწყდება და წარმოგიდგენიათ, მთელი ეს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეები არის თაროზე შემოდებული. ისეთი სადაო საკითხები, რომელმაც შესაძლებელია დაპირისპირებამდე მიიყვანონ მოქალაქეები. მართლმსაჯულების სივრციდან გასულია ოზურგეთი, ცოტა ხანში ჩაცუცქული ბიჭები დაიწყებენ ქუჩებში ადმინისტრაციული და სამოქალაქო  საქმეების გარჩევას. მიზეზი არის ის რომ, ოლიგარქიული რეჟიმი ბიუჯეტის კონვერტაციას აკეთებს ეტყობა და საკუთარ ცხოვრებას იქმნიან. დაახლოებით ასი ათასი ლარია გამოთავისუფლებული მარტო იქედან, რომ მოსამართლეები არ არის იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა.

დაახლოებით 15-20 საქმეა მარტო ჩემი გაჩერებული. ყველა ადვოკატი ასეთ დღეში ვართ. თაროებზეა ფაქტობრივად საქმეები შემოდებული.

ჯერ მარტო სასამართლოში ვაყენებთ ამ პრეტენზიას და დავემუქრე კიდეც იქ პერსონალს, რომ ადვოკატები ერთად მოვალთ და კარებს აგიჭედავთ აქ, თუ არ გამოსწორდება მდგომარეობა-მეთქი. მაისის ბოლომდე იქნებ გამოსწორდეს სიტუაცია, ასე ხომ არ შეიძლება გაგრძელდეს? ჩვენი ბერკეტი არის ერთადერთი საპროტესტო აქციები. რა ქნან ამ მოსამართლეებმაც? ზოგადად არიან მონური უღლის ქვეშ, იმისტომ რომ 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის ნაცვლად, 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. გადაიღალა ეს ხალხი. ხომ იცით, ასეთი სიტუაციის გამო მიატოვა აგერ უზენაესი სასამართლო ადამიანმა და გაიქცა ამერიკაში. ვისაც არა აქვს გასაქცევი რა ქნას? 8 საათიან სამუშაო დღეზე 2 საუკუნის იყო ჩიკაგოში, კანადაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნა და 21-ე საუკუნეში შეიძლება მონური მუშაობა 24 საათის განმავლობაში? მარტო ჩვენთან ხდება ასეთი რამ და ხმას არ იღებს არავინ“-გვითხრა მამალაძემ.

 

ის, რომ სასამართლოში საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი და ფაქტობრივად მუშაობა პარალიზებულია, ამაზე საუბრობს უფლებადამცველი კახა ჩავლეშვილიც: „ძალიან გაჭირდა მუშაობა. ადამიანები, რომლის საქმეებსაც ვაწარმოებ, მაწუხებებ იმის გამო, რომ ასე იწელება დროში ყველაფერი. მოსამართლეებისაც მესმის, რაოდენობიდან გამომდინარე. აუცილებელია, რომ დაემატოს სასამართლოში მოსამართლეები, სხვანაირად შეუძლებელია მუშაობა. მე რამდენადაც ვიცი, გურიაში, რაიონულ სასამართლოში უნდა იყოს 7 მოსამართლე, კვლევების მიხედვით ასეა და გვყავს ორი.

110 ათას მოსახლეს ემსახურება ორი მოსამართლე, ეს ხომ წარმოუდგენელია. თან ეს მოსამართლეები ორი დღე ლანჩხუთში უნდა იყოს, მეორე ჩოხატაურში. წარმოუდგენელი შრომაა. ყველას ძალიან გაგვირთულდა მუშაობის პროცესი. პირველ ეტაპზე განიხილავენ ეს მოსამართლეები სისხლის სამართლის საქმეებს და ადმინისტრაციული და სამოქალაქო გადაწეულია უკანა პლანზე. რანაირად მოახერხებს ორი ადამიანი 7 -ის გასაკეთებელს? დღე და ღამე მუშაობენ, მესმის მათიც“-აღნიშნა კახა ჩავლეშვილმა.

გოჩა გორდელაძე, ადვოკატი: ” სიტუაცია კრიტიკულ ზღვარზეა., ცოტაც კიდე და შემდეგ, მართლაც არ ვიცით რა იქნება. ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეები უკვე იმდენი დაგროვდა, ამის განხილვა როდის უნდა მოესწროს წარმოუდგენელია.  ორი მოსამართლისთვის ასეთი ფიზიკური შრომა, ფაქტობრივად შეუძლებელია. დაახლოებით 15-16 საქმე აქვთ დღეში.

განსაკუთრებით სამოქალაქო საქმეებში არსებობს ვადა. შესაძლებელია ვერ მოესწროს საქმის განხილვა იმ ვადებში, რაც გათვალისწინებულია და შეიძლება დადგეს ცუდი შედეგი. შენ კი შეგაქვს სასამართლოში დროულად სარჩელი, მაგრამ სასამართლომ შეიძლება წელიწადნახევარი ვერ მოასწროს ამის განხილვა, რადგან რიგითობა არ მოუწიოს.

ძალიან ცუდი სიტუაციაა და თუ არ დაეხმარებიან სასამართლოს ახალი მოსამართლეებით, კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია იქნება”-განაცხადა “გურიის მოამბესთან”  საუბრისას გოჩა გორდელაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share